საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, ძალადობა უნდა შეჩერდეს.
"ძალადობა და დაშავებული ადამიანები ღამით თბილისის საპროტესტო აქციაზე... ძალადობა უნდა შეჩერდეს. ეს არასოდესაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი აკვირდება და აფასებს მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის" , - წერს გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.
ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 63 ადამიანი.
პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.