"რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და გაძლიერება ძალიან სწორი ნაბიჯი იყო... მაგრამ "ქართული ოცნების" შეცდომა იყო ის, რომ ძალიან გაამძაფრეს ანტიევროპული რიტორიკა და ძალიან გააღიზიანეს ევროპა ამ [ანტიდემოკრატიული] კანონებით" - ასე აფასებს 2018-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მმართველი პარტიის ბოლო წლების პოლიტიკას. როგორც მან „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს გზა, გააუქმოს ანტიევროპული კანონები, მაგრამ მიაჩნია, რომ შეუძლია, ევროკომისიის 8-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან რამდენიმე მაინც შეასრულოს, რათა საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არ დაკარგოს. „უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიზის ასაღებად რიგში დგომა მოგვიწევს, რაც არავის სიამოვნებს, არამედ ეს არის ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი“, - თქვა გიორგი ქობულიამ. ყოფილი მინისტრი „წერტილთან“ ინტერვიუში შეეცადა, აეხსნა, „ქართული ოცნების“ მკვეთრად ანტიევროპული ნაბიჯების ლოგიკა და ასევე, გაიხსენა, რომ ევროკავშირსა და „ქართული ოცნებას“ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო - მიზეზი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დამოკიდებულება იყო.
- რატომ მიატრიალა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან მკვეთრად ჩრდილოეთისკენ?
- „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირსა და დასავლეთს შორის გარკვეული დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა მე ვიყავი ეკონომიკის მინისტრი [2018-2019 წლებში]... ჯერ კიდევ მაშინ, ევროპელი ელჩები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ...
- რით იყვნენ ევროპელები უკმაყოფილოები?
- იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ არ ტარდება სასამართლო რეფორმა; ასევე, იყო საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხები... რა მექანიზმები უნდა შეიქმნას ელიტური კორუფციას საბრძოლველად და ა.შ.
- სამართლიანი უკმაყოფილება ყოფილა...
- დიახ, მაგრამ ამ ყველაფერზე „ქართული ოცნება“ არ მოდიოდა. მაგალითად: სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან კომერციული დავები, თუ პოლიტიკური ელფერი არ აქვს, პრაქტიკულად, ნორმალურად წყდება...
- კომერციული დავები წლობით იწელება - დროს კი ბიზნესისთვის დიდი ფასი აქვს; ამდენად, ვერ დაგეთანხმებით, რომ ნორმალური სიტუაციაა...
- დიახ, მაგრამ ძალიან ცოტაა შემთხვევა, როდესაც საქმე წმინდა კომერციულ დავას ეხება, რომ ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ, თუმცა თუ საქმეს პოლიტიკურ ელფერი აქვს, „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია და ის ამის დათმობას არ აპირებდა. ჯერ ერთი, მათ მენტალურად სწამთ, რომ ეს ყველგან ასეა, როცა ეს ყველგან ასე არაა და მეორე - ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ რომ ეს დავთმოთ, გვეშინია, რომ „ნაცმოძრაობა“/ოპოზიცია გავლენას მოახდენს სასამართლოზე და ჩვენ დავიჩაგრებით, ამიტომ [სასამართლოს] ხელიდან არ გავუშვებთ და არც აპირებენ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას; ამ ყველაფერზე EU-ის პასუხი იყო - „ჩვენთვის ეს მიუღებელია, თქვენ ეს უნდა შეასრულოთ და ა.შ.“... იყო ეს დაპირისპირება და ამ მომენტში „ოცნება“ კარგავს პროევროპელი ამომრჩევლის ნაწილს. შემდეგ დაიწყო უკრაინის კონფლიქტი და რა თქმა უნდა, დასავლეთს ჰქონდა ძალიან მკაფიო მოლოდინი, რომელსაც ისინი არაოფიციალურად/არაფორმალურად უზიარებდნენ „ოცნებას“, რომ ის უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან რუსეთთან მიმართებით. აქ იყო საუბარი სანქციების დაწესებაზე და ზოგადად უფრო ხისტ პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებით...
- თქვენ ალბათ გულისხმობთ სანქციებთან შეერთებას... ევროკავშირს საქართველო ომში ჩართვა არასდროს უთხოვია...
- რა თქმა უნდა, ომში ჩართვას არავინ ითხოვდა; მაგრამ ჩემი აზრით, ისინი ფიქრობდნენ, რომ „თქვენ თუ გინდათ ჩვენი მეგობრები იყოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ უფრო მეტად დაუპირისპირდით რუსეთს“... ამ დროს „ოცნებამ“ იფიქრა შემდეგი - "მე რომ რუსეთს სანქციები დავუწესო, შედეგად კი მივიღო, რუსეთის მხრიდან ნეგატიური, თუნდაც ეკონომიკური რეაქცია, მაგალითად, ჩამივარდეს „რუსული ტურიზმი“ ან რუსეთთან ვაჭრობა, ეს ძლიერ დაარტყამს ჩემი ქვეყნის ეკონომიკას და იმდენად ძლიერ, რომ იქნება უზარმაზარი უკმაყოფილება მათ შორის ჩემს ამომრჩეველში და მე არჩევნებს წავაგებ, გარდა იმისა, რომ გული შემტკივა ჩემ ქვეყანაზე. მეორე მხრივ, პროევროპელები ვერ გავხდებით 100%-ით, რადგან უკვე ცოტათი ისედაც დაპირისპირებული ვართ [ევროპასთან], ამიტომ ჩვენ არჩევანი გვაქვს, ეს არ გავაკეთოთ.... ეს რომ არ გავაკეთოთ, ვიცით, რომ ევროპელები წნეხს გაზრდიან და დაგვარტყამენ, ამიტომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში, არის ის, რომ სრული ფსონი დავდოთ კონსერვატიულ ამომრჩეველზე და ნაწილობრივ შევწიროთ ევროინტეგრაციის ვექტორი. რატომ? ევროინტეგრაციის ვექტორს ბოლომდე რომ გავყვეთ და რუსეთს სანქციები დავუწესოთ, ვერ მოვიგებთ არჩევნებს, ამიტომ, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში, ერთადერთი გამოსავალია ფსონი დავდოთ კონსერვატიზმზე. მართალია, ამით დავკარგავთ პროევროპელ ამომრჩევლებს, მაგრამ შეიძლება რეგიონებიდან ახალი ხალხი მოვიყვანოთ არჩევნებს...
- ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სწირავს „ოცნება“ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას?
- რა თქმა უნდა, შინაგანი ინსტინქტი არის გადარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ თავის თავთანაც ამას ბოლომდე არ აღიარებენ შიდა წრეებში, ჩემი აზრით, დისკუსია მიდის შემდეგნაირად - ჩვენ რომ ეს არ გავაკეთოთ და ევროპული ვექტორი არ შევწიროთ ხელისუფლებაში დარჩენას, მოვა „ნაცმოძრაობა“ და ჩაგვხსნიან ხელისუფლებიდან. ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, ამას მოჰყვება ძალიან დიდი დაძაბულობა რუსეთთან, რასაც მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის უარესი შედეგი, ვიდრე შედეგი, რომელიც დადგება ევროინტეგრაციის ვექტორის ჩახსნისგან...
- ეს თქვენი აზრით, „ოცნების“ ლოგიკაა თუ რამე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?
- არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ლოგიკით მოქმედებენ...
- ანტიდემოკრატიული კანონების გამო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს „ოცნებამ“ ამ შემთხვევაში?
- ვერაფერს გააკეთებს...
- იმიტომ, რომ ღრმად აქვს შეტოპილი?! და გამოდის, რომ რამდენიმე კანონს ეწირება ვიზალიბერალიზაცია და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა?
- „ქართული ოცნება“ ასე არ თვლის...
- მე თქვენი აზრი მაინტერესებს...
- გეტყვით, რატომ ვერ გააკეთებენ ვერაფერს - მათ რომ უკან წაიღონ კანონი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ისინი არჩევნებს წააგებენ, რადგან მათი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს..
- „ოცნებისგან“ არ უნდა ველოდოთ ანტიდასავლურ გზაზე უკან დახევას?
- არ უნდა ველოდოთ, რადგან „ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს...
- იქნებ გაიაზრონ, რა დევს სასწორის მეორე პინაზე?
- რა უნდა გაიაზრონ, მაშინ უნდა ჩაალაგონ ჩემოდანი და წავიდნენ მთავრობიდან...
- თუნდაც... უკვე 12 წელზე მეტია ხელისუფლებაში არიან...
- დიახ, მაგრამ არ აპირებენ მაგის გაკეთებას, რადგან ღრმად სწამთ, რომ მათი წასვლა გამოიწვევს ქვეყნის დანგრევას. ეს ასე არ არის, მაგრამ ასე სწამთ... მე ვთვლი, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და გაძლიერება ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მივაღწიეთ დიდ შედეგებს ეკონომიკაში.
- მაგრამ ძალიან არ უნდა ჩამოვეკიდოთ ერთ ბაზარს, მით უმეტეს რუსეთს, ხომ ვთანხმდებით...
- ძალიან არ უნდა ჩამოვეკიდოთ... რა იყო „ოცნების“ მთავარი შეცდომა? - ძალიან გაამძაფრეს ანტიევროპული რიტორიკა და ძალიან გააღიზიანეს ევროპა ამ კანონებით. თუ მათ სურდათ, ამომრჩეველში გზავნილების გავრცელება იმის თაობაზე, ოჯახური ღირებულებები არის მნიშვნელოვანია და „კაცი კაცია და ქალი ქალია“, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს შეეძლოთ ვერბალურად ეთქვათ და არა კანონის მიღებით.. ასევე, „აგენტების კანონის“ მიღების გარეშეც შეეძლოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში „დაერტყათ“ იმ „ენჯეობისთვის“, ვინც რადიკალებად მიაჩნდათ - არ იყო საჭირო ამ კანონის მიღებაც. ამით მათ დაარტყეს ევროპას, რის შედეგადაც დაკარგეს პროევროპელი ამომრჩეველი, რომელსაც არ დაკარგავდნენ სხვა შემთხვევაში და ასევე, არ მგონია, რომ [ამ კანონებით] ძალიან ბევრი კონსერვატიული ამომრჩეველი მოიზიდეს... მწამს, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას, შეგვიძლია, გვქონდეს კეთილმეზობლური ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც და მათ ეს მომენტი ჩააგდეს, რადგან ძალიან რადიკალურად გადაუხვიეს [ევროპული გზიდან]... ევროკომისიის რვა პუნქტში არის ისეთი პუნქტები, რომლის შესრულებაც „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რადგან მათ სტრატეგიასთან წინააღმდეგობაში არ მოდის და ჩემი რეკომენდაციაა, ეს გააკეთონ. მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტია გავაძლიეროთ მექანიზმები, რათა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია შემცირდეს. ვფიქრობ, ეს ეთანხმება მათ ხედვას და ამაზე მაინც უნდა თქვან, რომ აკეთებენ.
- ჯერჯერობით, მსგავსი მზაობა ქმედებებში არ ეტყობათ...
- დიახ, არ ეტყობათ... დანარჩენი არ ვიცი. იმ [ანტიდემოკრატიულ] კანონებს უკან ვერ წაიღებენ.




























