„ქართული ოცნება“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების აღებას ამკაცრებს. კერძოდ, თუ უცხოეთის მოქალაქეს აქამდე შეეძლო, საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეეძინა და ამით ერთი წლით საქართველოში ბინადრობის უფლება მიეღო, ახლა ეს ზღვარი 150 ათას დოლარამდე გაიზრდება.
ამ ფონზე იურიდიული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ბინადრობების გაცემის პროცესში ბევრი გამოწვევაა. როგორც BLC-ის მმართველი პარტნიორი BMG-სთან აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელებს ბინადრობის ნებართვის გაცემა უარს გაუგებარი მიზეზებით ეუბნებიან.
ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ ასეთი ფაქტები მათ შორის კორუფციული შემთხვევების შესაძლო ეჭვებს აჩენს.
„[უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა] სახელმწიფოს უშიშროების და უსაფრთხოების საკითხია და პროცესი სრულად გამჭვირვალე ვერ იქნება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უარი ეძლევა ხოლმე პირებს მიმართვაზე ისე, რომ ძალიან დიდი ეჭვი არსებობს თუ, რამდენად ყურადღებით მოხდა საკითხის შესწავლა. ანუ ძალიან ბევრი გაუგებარი უარია. მაგალითად, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანი იყო კომპანიის დირექტორი დიდი ხნის მანძილზე, მთელი ოჯახი საქართველოში იყო დიდი ხნის მანძილზე, ჰქონდა ბინადრობის ნებართვა და გაგრძელებაზე შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის [მოტივით] იყო უარი მიღებული. ანუ ასეთი შემთხვევები ბევრია და ეს არის გაუგებარი ნამდვილად, იმიტომ რომ თუ ერთხელ ჰქონდა ადამიანს საქართველოში ხუთი წლით ცხოვრების უფლება, შემდეგ როგორ გაჩნდა უსაფრთხოების საკითხები? ჩემი აზრით, გადასააზრებელია ეს საკითხებო, რომ უბრალოდ რაღაც ჰაერიდან არ უნდა იყოს ეს უშიშროების მიზეზები მოტანილი. რაღაც შესწავლას მართლა უნდა ეყრდნობოდეს [უარი] და რაშიც ეჭვი მეპარება, რომ დიდად არ ეყრდნობიან.
[ასეთი ფაქტების გამო] ძალიან დიდი ეჭვია, რამდენად სამართლიანია ეს სისტემა, ხომ არ არის კორუფცია ჩართული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ, როდესაც ძალიან თანაბარ ერთ შემთხვევაში იღებ უარს, მეორე შემთხვევაში ვიღაცას აქვს დასტური, უკვე ეჭვი ჩნდება იქ, რამდენად სამართლიანად იყო პროცესი ჩატარებული, ხომ არ იყო რაღაცა მიწისქვეშა დინებებთან საქმე“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.




























