საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, მაგრამ ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, როცა მას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეფასების გეგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რაც „ოცნებამ“ გუშინ დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ბევრი ბუნდოვანებაა. მისივე თქმით, ბუნდოვანია, მაგალითად, „რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიის მიერ გაცხადებული სამართლებრივი შეფასების მეტ დეტალზე ვერ ისაუბრა და განაცხადა "ყველაფერს უნდა დაველოდოთ".
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" არჩევნების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ "სამართლებრივი შეფასების" უზრუნველყოფას აანონსებს. როგორც "ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაშია აღნიშნული, დადგა დრო, "საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს".
მმართველი პარტია აცხადებს, რომ თავად იქნება მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება.