"ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო რეფორმებისთვის, ინტენსიური სამუშაოა საჭირო ეკონომიკური კუთხით", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ევროინტეგრაციისთვის საჭიროა, საქართველოს ეკონომიკის ევროკავშირის ეკონომიკურ ზონასთან დაახლოება.
"მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და ჩვენი ხელისუფლების მიზანიც არის ის, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდეს. ევროკავშირში წევრობა მხოლოდ ეტაპების გავლა არ არის, ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი რეფორმების კუთხით, ინტენსიური სამუშაოა საჭიროა ეკონომიკური კუთხით, რათა გაძლიერდეს და ის თავსებადი იყოს ევროკავშირის ეკონომიკურ ზონასთან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება კონსულტაციებს აწარმოებს ევროკავშირთან შესასრულებელ რეკომენდაციებსა და მოლაპარაკების გახსნაზე. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება იმ 9 პუნქტთან ერთად გაგრძელდება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მიმდინარე წლის ნოემბერში წარუდგინა. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მთავრობამ ვალდებულებები დაჩქარებულად შეასრულოს.
"ასოცირების შეთანხმება იმ შესასრულებელ ჩარჩოში რჩება, რომელიც უნდა შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის გადაიხედება [დოკუმენტი] თუ რამის გაკეთება სწრაფად შეიძლება. თუ ეს შესაძლებელია, ამას ჩვენს სამოქმედო გეგმაში იხილავთ, რომელსაც მთავრობა წარადგენს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ მთავრობა 2024 წლის ევროინტეგრაციის სამოქმედო გეგმას ამზადებს. მისივე თქმით, გეგმაზე კონსულტაციები ევროკომისიასთან მიმდინარეობს. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას გულისხმობს.