მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან მნიშვნელოვანია, EU-ის კონკრეტული ნაბიჯები და არა მარტო შეშფოთება" - ინტერვიუ

ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის კონკრეტული ნაბიჯები და არა მარტო აღშფოთება-შეშფოთება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და გამოსავლის გზებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკური ექსპერტი დადებითად აფასებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოში გამოგზავნოს „ტექნიკური მისია“, რომლის მთავარი ამოცანა საარჩევნო დარღვევების განხილვა იქნება.

- ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მყარი პოზიცია, არა მარტო შეშფოთება-აღშფოთება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ევროკავშირიდან ყველა ელის. მათ შორის ტექნიკური მისიის ჩამოსვლა და კონკრეტული საუბარი კონკრეტულ თემებზე, რადგან ეს საუბარი, როგორც ჩანს, არჩევნებამდე საკმარისად და გასაგებად არ შედგა. სხვა შემთხვევაში ან „ქართულ ოცნებას“ მართლა უნდა, რომ ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს ან მიაჩნიათ, რომ ეს ვირეშმაკობა გაუვიდოდათ და ევროკავშირი ისევ გააგრძელებდა საუბარს „ქართულ ოცნებასთან“, აღიარებდა ამ არჩევნებს თავისი ნაკლოვანებებით, იტყოდა, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა Business As Usual და ეჩვენებინათ, რომ ოპოზიცია არის რადიკალური და არაფრის მაქნისი... ამდენად, ვფიქრობ, ეს რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება, რომ ზუსტად ვნახოთ, რას იზამს ევროკავშირი, რას იზამს „ქართული ოცნება“, რას იზამს პრეზიდენტი და რას იზამს ოპოზიცია და რას იზამს საზოგადოება - როგორ ვიგებთ ამ ყველაფერს, რადგან „ოცნებამ“ თქვა, ასე არის თუ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ აღმოვჩნდეთ ერთი ადამიანის ავტოკრატიულ მმართველობაში, რომელსაც რუსეთის გარდა სხვა გზა არ აქვს.

- რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ „ამ ეტაპზე საკმარისი არ არის, რასაც აკეთებს აშშ და ევროპა, რომ გააგებინოს ბიძინა ივანიშვილს - არჩევნების ციფრების გამოცხობა არ გამოვაო".... როგორ ფიქრობთ, ახლა რა უნდა იყოს კონკრეტული და მკაფიო ნაბიჯი და გაქვთ მოლოდინი, რომ იქნება?

- ის, რომ უკვე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არის მისაღები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამას ვხედავთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიაში, რომელთაც უფლებამოსილება აქვთ ისაუბრონ სახელმწიფოების სახელით. ის პოზიციები, რომელიც მათ დააფიქსირეს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, რა თქმა უნდა გაზიარებულია სამთავრობო დონეზე... ამდენად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერა - იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და კონკრეტული მექანიზმების შემუშავება კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით, თუ მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს გზა არის ევროპაში. ფაქტია, ამ საკითხზე საუბრობენ და თუ საუბრობენ, მაშინ ძალიან კონკრეტული მექანიზმები არსებობს, რომელიც {შეიძლება გამოყენებული იქნეს}... პირდაპირ პარალელს არ ვავლებ, მაგრამ გვახსოვს, 2008 წელს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდა თბილისში, როცა გეოპოლიტიკური სამხედრო კრიზისი იყო. ახლაც გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს გეოპოლიტიკურ კრიზისში, რომელზედაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც საუბრობს და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იციან, რაზეა საუბარი, როცა რუსეთის ღია ჩარევაზე საუბრობენ და არა მარტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან; ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებზე იქნება შეთანხმება...

- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ საქართველოს საკითხზე გამოსავალს ვერ პოულობს.... როგორ ფიქრობთ რატომ ვერ პოულობენ? რატომ ვერ მიდიან კონსენსუსამდე, რომ გამოიყენონ სხვადასხვა მექანიზმი?

- დიახ, ამ ნაწილში კონსენსუსი არაა... უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბლოკავენ ნებისმიერ კონსენსუსს ამ მიმართულებით და მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი გზა - „ქართული ოცნება“ რა ფორმითაც მოვიდა ხელისუფლებაში, ეს აღიარონ და არაა საჭირო სიჩქარე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რათა რუსეთი არ გაღიზიანდეს. მათ ძალიან პრაგმატული, გეოპოლიტიკური თუ პიროვნული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან... ეს არის მიზეზი, რატომაც ბლოკავენ გადაწყვეტილებებს არა ბიუროკრატიულ, არამედ პოლიტიკურ დონეზე.

- თუმცა ალბათ ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება თუ იქნება, შეიძლება, ორბანის ოთახიდან გაყვანა...

- დიახ, ერთხელ მოხდა ასე, როდესაც უკრაინის საკითხი განიხილებოდა... ძალიან მაღალი ფსონები იყო მაშინ უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ იქ იყო საუბარი რამდენიმე ათობით მილიარდი ევროს დახმარებაზე, რომელიც გაყინული იყო უნგრეთისთვის და ეს "გამოივაჭრა" ორბანმა... ვფიქრობ, ვიქტორ ორბანისთვის გადამწყვეტი იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია. აშშ-თან კომუნიკაცია და დიალოგი უნდა იყოს აქტიურ ფორმატში. თუ ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა გათვლას, რომ ტრამპი მოვა და ჩემ სასარგებლოდ შეიცვლება სიტუაციაო, ოპოზიციაშიც არიან კომპეტენტური ადამიანები, ვინც ერკვევა ამ თემებში და ვისაც იგივე დაშვება უნდა გაეკეთებინა, რომ „თუ ამაზე აკეთებს ბიძინა ივანიშვილი გათვლას, ჩვენც უნდა გავაკეთოთ“ და მეტად აქტიური კონტაქტი უნდა ყოფილიყო ტრამპის გარემოცვასთან. მგონი, ეს არ მოხდა, მაგრამ ახლაც არაა გვიანი და ამ მიმართულებით უნდა იყოს მუშაობა. საკითხი დგას გეოპოლიტიკური და დემოკრატიული ღირებულებების ჭრილში, რაზედაც ტრამპს უარი არ უთქვამს. რა თქმა უნდა, გადაფასება იქნება და ჩვენ ზუსტად იმ საერთო კონტექსტში მოვყვებით, რასაც ჰქვია აშშ-ის დამოკიდებულება დემოკრატიული ქვეყნების განვითარებასა და რუსეთთან საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე... ამ პროცესში უნდა იყვნენ ოპოზიციის ლიდერები ჩართული, რათა საერთო სურათში მოვხვდეთ, რადგან ცალკე საქართველოს დემოკრატია და მისი გეოპოლიტიკური არჩევანი უმნიშვნელოა...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები