ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, თუ „ქართული ოცნების“ წევრებზე და მათ ოჯახებზე ფინანსური სანქციები გავრცელდება, ქართული ბანკები იძულებული იქნებიან მათ მომსახურება შეუწყვიტონ.
BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას, ფინანსისტმა განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ქართული ბანკები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან, სადაც ერთ მხარეს იმ უცხოური საკორესპონდენტო ბანკების დაკარგვა იქნება, რომელთა საშუალებითაც საერთაშორისო ტრანზაქციები ხორციელდება, ხოლო მეორე მხარეს სანქცირებული პირების მომსახურებაზე უარის თქმა.
„ამას [სანქციებს] უნდა შევხედოთ, როგორც ყულფს რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდება. თავიდან შეიძლება ვიზების შეზღუდვა იყოს, მერე აქტივების გაყინვა იყოს საზღვარგარეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ხაზინას და მის სპეციალურ სააგენტოს შეუძლია, თუ თქვენ სანქცირებული ხართ, თქვენს ბანკს მოსთხოვოს, რომ შეგიწყვიტოთ საბანკო მომსახურება. მოგეხსენებათ, ქართულ ბანკებს საკორესპონდენტო შეთანხმებები აქვთ ამერიკულ და ევროპულ ბანკებთან. ამ საკორესპონდენტო ბანკებს საკუთარი ხაზინა, ფინანსთა სამინისტრო ეუბნება, რომ თუ დაგიჭირეთ, რომ ეთანამშრომლებით უცხოურ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ არალეგიტიმურ საქმიანობას და სანქცირებულ ადამიანებს, დაგაჯარიმებთ. ამ საკორესპონდენტო ბანკებს არ უღირთ ურთიერთობა და გარისკვა, რომ ჰქონდეთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ქართულ ბანკებთან. შესაბამისად, ქართულ ბანკს ასეთი ალტერნატივა ექნება, რომ ან თქვენ, სანქცირებული ადამიანი მოგიშოროთ როგორც კლიენტი, ან გარისკონ, რომ დაკარგონ უნარი დოლარსა და ევროში აწარმოონ საქმიანობა და ოპერაციები. დარწმუნებული ვარ, ქართული ბანკები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ასეთ კლიენტებთან ურთიერთობას შეწყვეტენ. მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ, რაც არ უნდა იხლაფორთოს ეროვნულმა ბანკმა და ინსტრუქციების გამოსცეს, რომ ჯერ ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებულ სანქციებს, ფინანსისტის შეფასების, ეს მხოლოდ დასაწყისია და სავიზო შეზღუდვა მსუბუქია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს.
„სწრაფად და დრამატულად ვითარდება მოვლენები. აშკარად, „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოიმწყვდია ისეთ სიტუაციაში, სადაც მიაჩნია, რომ უკან დახევა დამღუპველია, მაგრამ წინ სიარულიც, ნამდვილად არ აძლევს კარგ პერსპექტივებს. ცალკე გავყოთ ივანიშვილი და "ქართული ოცნების" დანარჩენი წევრები. ივანიშვილს რაღაც მიზანი აქვს, რაღაც 2 მილიარდზე ლაპარაკობს და დარწმუნებული ვარ, გეგმა B-ც აქვს ამ სიტუაციაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ დანარჩენი წევრები შეიძლება ბოლომდე არ აცნობიერებენ, რამდენად მწვავე რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს და ევროკავშირს და ეს რას შეიძლება ნიშნავდეს მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მგონი ვერ ხდებიან, რომ ეს შეიძლება თავიდან მსუბუქად დაიწყოს, აშშ-ში ვიზების შეზღუდვა ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს“, - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა. ამავე განცხადების თანახმად, აშშ გადახედავს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკას.