მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ინფორმაციის მოწოდება“ - საბანკო ასოციაცია დაანონსებულ ცვლილებებზე

638df614192a0
ელენე გოგბერაშვილი
05.12.22 18:00
1103
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის მოგების გადასახადი იზრდება. თუ დღემდე ბანკების მოგება 15%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, 2023 წლიდან მათთვის მოგების გადასახადი 20% იქნება.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ საბანკო სექტორი ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადავა, რის მიზეზადაც ბანკების გაზრდილი მოგება დაასახელა.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელ ალეკო ძნელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადებები მათთვის სიურპრიზი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოწოდება ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა.

„დღეს გავიგეთ სამი ცვლილების შესახებ. ეს იყო, რომ ესტონური მოდელი არ ამოქმედდება, საერთოდ გაუქმდება, თუ გარკვეული ვადით არ ამოქმედდება, აქაც არსებობს კითხვის ნიშანი. მეორე ნაწილია, მოგების გადასახადის ზრდა, რომელიც ზუსტად რა ფორმატით იქნება, ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. მესამეა, EFR-ის აღრიცხვაზე გადასვლა, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის კუთხით, რაც ასევე ეფექტს ახდენს როგორც გადასახადზე, ასევე რეალურად მოგება/ზარალზეც.

თეორიულად EFR-ის ანგარიშგებაზე გადასვლას მივესალმებით, უბრალოდ რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე ამასაც ვნახავთ. ეს შეფასებაც იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად. საბანკო სექტორის ანალიტიკოსებიც გამოთვლიან რეალური რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე და უშუალოდ საბანკო სექტორზე. დღეს სამწუხაროდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, რადგან მხოლოდ პრემიერის განცხადება ვიხილეთ რეალურად.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ზრდას, როგორც ვიცი დივიდენდის გადასახადზე იქნება საუბარი, რომელიც შემცირდება, ესეც დიფერენცირებულია მხოლოდ საფინანსო სექტორისთვის არის, თუ საბანკო სექტორისთვის და მიკროსაფინანსო სექტორისთვის, ესეც უნდა ვნახოთ უფრო ზუსტად საკანონმდებლო ცვლილების პროექტში.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს იყო სიურპრიზი ეს ინფორმაცია. ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ამ საკითხზე ინფორმაციის მოწოდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია იყო განხილვაში ან რამე შეფასებები კეთდებოდა წინა პერიოდში“,-განმარტავს ალეკო ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები