მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ საქართველო სანქციებს შეერთებულია - თენგიზ ფხალაძე

648744954b1ad
თელარა გელანტია
12.06.23 23:00
574
„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის" უფროსი მკვლევარის და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, საქართველომ ძალიან ხმამაღლა უნდა თქვას, რომ შეერთებულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და არ უნდა იყოს თავის მართლების რეჟიმში.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - როგორ გამოიყურება დღეს საქართველო საერთაშორისო პარტნიორების თვალში, როდესაც საქმე საერთაშორისო სანქციების დაცვას ეხება.

თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საქართველოს მიმართ უფრო მეტ კითხვას და ეჭვს ბადებს.

„სანამ იმას ვიტყვით, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ სანქციებს, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვართ ამ სანქციებს მიერთებული თუ - არა, რადგან ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ არ ვართ; ზოგიერთი კი, ამბობს, რომ ვართ, მაგრამ ეს ნაწილი ძალიან ცოტაა. მე კი მგონია, რომ სანქციებს შეერთებული ვართ. ძალიან საინტერესო სიტუაციაა - ხელისუფლების წარმომადგენლებს ამაზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ და ისინი ამას ერიდებიან მაშინ, როდესაც ძალიან ხმამაღლაა სათქმელი, რომ საქართველო სანქციებს შეერთებულია და არა მხოლოდ მაშინ, როცა გვეკითხებიან, არამედ მაშინაც, როდესაც ზოგადად ამ საკითხზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ სანქციებს - აქ ძალიან ბევრი ბუნდოვანება და კითხვა ჩნდება. იმ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც Politico-მ გამართა, საქართველო საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიეს. მე ვერ გეტყვით, ამას აქვს თუ არა საფუძველი, არსებობს თუ არა ფაქტები, მაგრამ ერთ რამეს ვხედავთ, რომ ამ ეჭვს უფრო და უფრო ინფორმირებული ადამიანები აჟღერებენ, რაც ძალიან სერიოზული დაფიქრების საფუძველი უნდა იყოს.

თქვენ მკითხეთ - როგორ გამოიყურება საქართველო სანქციების აღსრულების კონტექსტშიო - ჩვენ გამოვიყურებით როგორც თავის მართლების პოზიციაში მყოფი ადამიანი, რომელიც მუდმივად თავს იმართლებს, მაშინ როდესაც, შეიძლება, ეს მოცემულობა შევცვალოთ და თავი კი არ ვიმართლოთ, არამედ ღიად ვისაუბროთ იმაზე, რას ვაკეთებთ, სად გვაქვს პრობლემა და პირიქით, ეს გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ; მეტი მოვთხოვოთ პარტნიორებს, რომ გააძლიერონ ჩვენი შესაძლებლობები იქ, სადაც სისუსტეები გვაქვს, თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. ამ დროს კი, ეჭვები საქართველოს მიმართ იზრდება“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის" უფროსი მკვლევრის თქმითვე, კარგია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ „სხვა საკითხია, გამოიყენება თუ ჩვენი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის რუხ სქემებში“.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამჟამად სანქციების რიგით მე-11 პაკეტზე მუშაობენ, რომლის მიზანი სამართლებრივი ხვრელების ამოქოლვა და მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლის პრაქტიკის მაქსიმალური შეზღუდვაა. უფრო კონკრეტულად, სანქციების ახალი პაკეტის პროექტის თანახმად, რუსეთისთვის იმპორტზე ახალი შეზღუდვების დამატებასთან ერთად, იზრდება მესამე ქვეყნების პასუხისმგებლობაც სანქციების გვერდის ავლისთვის.

უახლოეს კვირებში თბილისში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დეივიდ ო’სალივანს ელიან. ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გამოცემა „ნეტგაზეთს“ ევროკომისიაშიც დაუდასტურეს. ვიზიტის მიზანია, განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები