მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-ის პროექტი საქართველოში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის – მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

„ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იგლ ჰილს საქართველოს“ ოფისისა და საპრეზენტაციო სივრცის გახსნას მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა. ოფისი განთავსდა კინოთეატრ „რუსთაველის“ ყოფილ შენობაში.

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს - ბატონ მოჰამედ ალაბარს, რომლის პირადი ჩართულობით და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი სწრაფი ნაბიჯებით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა. დღეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრში, ისტორიული შენობის პირველ სართულზე ვხსნით ემაარ ჯგუფის პროექტის, „იგლ ჰილს საქართველოს“ საპრეზენტაციო სივრცეს, რომელიც გახდება ფლაგმანი ქართული დეველოპმენტისა და ტურიზმის ინდუსტრიაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე.

„პროექტი იქნება დასაქმების დიდი ხელშემწყობი, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. იქმნება ორი ახალი დანიშნულების ადგილი თბილისსა და ბათუმთან ახლოს, გონიოში, რომლებიც შექმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას - გააერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, განთავსების ობიექტებს, სავაჭრო ქუჩებს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ახალ დანამატს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტისთვის“, - აღნიშნა მან.

ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს პროექტის მხარდაჭერისთვის და მოჰამედ ალი ალაბარს საქართველოს პოტენციალის სწორი შეფასებისთვის.

„საქართველომ საკმაოდ რთული გზა გაიარა, იყო კომპლექსური გამოწვევები, მათ შორის კოვიდ პანდემიის შემდგომ ომი რეგიონში, თუმცა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრე და მედეგობა, ისევე, როგორც სიცოცხლისუნარიანობა. სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის კუთხით. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება, წარმატების ფორმულა, რომელიც შექმნა საქართველომ და რასაც ხედავს ჩვენი ყველა მეგობარი, მათ შორის ბატონი მოჰამედ ალაბარი, რომელთანაც წლების პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ნდობამ განაპირობა, რომ უპრეცედენტო მოცულობის, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მივიღეთ საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"გვექცევით როგორც ოჯახის წევრებს და არა როგორც ინვესტორებს" - Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი გაიხსნა| დამფუძნებლის სიტყვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები