მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის €28 მლნ-ს გამოყოფს

ენგურჰესი ჰესი ენერგეტიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის დამატებითი რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

EBRD-ის განცხადებით, აღნიშნული ფინანსური პაკეტი მოიცავს 7 მილიონი ევროს გრანტსაც, შესაბამისად მთლიანად ფინანსური პაკეტის მოცულობა 35 მილიონი ევროა.

უნდა აღინიშნოს, რომ ენგურჰესი საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უმსხვილესი გენერაციული ობიექტია, რომლის დადგმული სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს.

EBRD-ის აღნიშნული დაფინანსებით განხორციელდება კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოები - ეს მოიცავს მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელი და გამომუშავება. გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები, ასევე, მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ამასთან ერთად შეიქმნება თევზსავალი სივრცეები, იმისთვის, რათა ენგურის ზედა და ქვედა ნაწილებში აკვაკულტურა განვითარდეს.

EBRD-ის მიერ ენგურჰესის რეაბილიტაციის დაფინანსება რამდენიმე ფაზას მოიცავს, წინა ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც სადგური გაჩერდა და სადერივაციო გვირაბს რემონტი ჩაუტარდა.

"1970-იან წლებში აშენებული, ენგურის ელექტრო სადგური, და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგოკომპლექსის ნაწილია, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის.

1998 წლიდან EBRD-ი ჩართულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაში, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას, ენერგოუსაფრთხოებას და მწვანე და მდგრად ენერგოსექტორს.

ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც ასევე, შესაბამისობაშია მათ Global Gateway სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში, მათ შორის საქართველოში. 1998 წლიდან, EBRD-იმ და მისმა დონორებმა ენგურის სადგურის რეაბილიტაციისათვის საერთო ჯამში გამოყეს 205 მილიონი ევრო", - ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები