მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD-მა 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ახალი შეფასებით ბანკი წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რაც სექტემბერში გამოქვეყნებულ წინა პროგნოზთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით მეტია. 2026 წლისთვის კი 5%-იანი მატება არის ნავარაუდევი.

"ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის მაღალი ზრდა, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და ვაჭრობა, ხოლო ენერგეტიკის სექტორში კი შენელება იყო. ტურიზმის სექტორმა 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ქვეყანაში 7.4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.

მიუხედავად ომთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადებისა და რუსული მიგრაციის შესუსტებისა, შიდა მოხმარება კვლავ ძლიერად შენარჩუნდა, რასაც საკრედიტო ზრდა და ხელფასების მატება უწყობდა ხელს. ამავდროულად, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე დარჩა – 1.1%-ის საშუალო მაჩვენებლით, რაც 2023 წლის 2.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით შემცირებაა და საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) 3%-იან სამიზნეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

NBG-მ 2024 წლის მაისიდან პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილი რჩება, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და გარე მოწყვლადობების დაბალანსების ფონზე. მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს ფრთხილ მიდგომაზე, რომელიც ინფლაციის მოლოდინების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

პროგნოზების მიხედვით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 6%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება, რაც ქვეყნის პოტენციური ზრდის მაჩვენებელს უახლოვდება. ამაზე გავლენას მოახდენს პოლიტიკური გაურკვევლობა, საგარეო ბალანსების შესუსტება და საკრედიტო ზრდის შენელება. ასევე, კერძო სექტორის ზრდას შეაფერხებს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება და ტურიზმის შემოსავლების დაკლება, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობითა და მასშტაბური პროტესტებით. თუმცა, ამ შენელებას ნაწილობრივ შეამსუბუქებს საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავრობის მხარდაჭერილი ინიციატივები, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ICT სექტორებში. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის წინაშე მდგარი რისკები კვლავ მაღალი რჩება", - ნათქვამია EBRD-ის შეფასებაში.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასე ნაწილდება:

სომხეთი - 5%-იანი ზრდა;

აზერბაიჯანი - 3%-იანი ზრდა;

უკრაინა - 3%-იანი ზრდა;

თურქეთი - 3%-იანი ზრდა;

რუსეთი - 1.5%-იანი ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები