EBRD-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ საქართველოს და სომხეთს გაუუმჯობესა. პუბლიკაციის მიხედვით, სომხეთი და საქართველო აგრძელებენ სტაბილურ ზრდას, მაშინ როდესაც აზერბაიჯანის ეკონომიკა გასულ წელს მნიშვნელოვნად შენელდა.
"რეგიონის მოკლევადიანი პერსპექტივები კვლავ ძალიან გაურკვეველია, რაც დამოკიდებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებზე და საზღვრისპირა თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირის ხელშეწყობის ძალისხმევის პროგრესზე",- ასეთია EBRD-ის შეფასება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით.
თებერვალში გამოქვეყნებული უახლესი პუბლიკაციის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპა და კავკასიის რეგიონის ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტული პუნქტი შემცირდა და 2.9%-ს შეადგენს, 2027 წელს კი 3.9%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. რეგიონის ქვეყნების მიხედვით 2026 წლის პროგნოზები ასეთია:
- საქართველო - ეკონომიკური ზრდა 5.5%, გაუმჯობესება 0.5 პროცენტული პუნქტით;
- სომხეთი - ეკონომიკური ზრდა 5.5%, გაუმჯობესება 1 პროცენტული პუნქტით;
- აზერბაიჯანი - ეკონომიკური ზრდა 2%, გაუარესება 0.5 პროცენტული პუნქტით;
- მოლდოვა - ეკონომიკური ზრდა 3%, გაუარესება 0.8 პროცენტული პუნქტით;
- უკრაინა - ეკონომიკური ზრდა 2.5%, გაუარესება 2.5 პროცენტული პუნქტით.
"ზრდის ტემპები ამ რეგიონში 2025 წელს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. უკრაინის ეკონომიკამ, რომელიც რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის ომის შედეგად დაზარალდა, აჩვენა შესანიშნავი მდგრადობა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა კი განპირობებული იყო შემზღუდავი მონეტარული პოლიტიკის პოზიციით და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერით, ხოლო მოლდოვას ეკონომიკა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად აღდგა, რასაც ხელი შეუწყო ევროკავშირის დახმარებამ და სტრუქტურული რეფორმების პროგრესმა",- წერია შეფასებაში.
თურქეთის შემთხვევაში უახლესი პროგნოზი 4%-იანი ზრდაა, რაც 0.5 პროცენტულ პუნქტიან გაუმჯობესებას წარმოადგენს. რუსეთის შემთხვევაში კი 0.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.




























