ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სამსჯელოდ შეიკრიბა. როგორც EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ბანკის წარმომადგენლები მენეჯმენტთან შეთანხმდნენ, რომ მმართველი გუნდი გადადგამს შექმნილი კრიზისის საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის მოიაზრება რუსეთისა და ბელარუსისთვის ბანკის ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეჩერება ან შეცვლა, რასაც EBRD-ის წესდების 8.3 მუხლი ითვალისწინებს.
„წინადადება საბჭოს მომავალ კვირას წარედგინება. საბოლოო გადაწყვეტილებას ბანკის მმართველები მიიღებენ“, - წერია EBRD-ის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ EBRD-ს 2014 წლის შემდეგ რუსეთში ახალ პროექტებში ინვესტირება აღარ განუხორციელებია. რაც შეეხება ბელარუსს, ამ ქვეყანაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ EBRD-ს ახალი პროექტი აღარ ჰქონია.




























