მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ნათია თურნავას დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას

64957d889623f
ელენე გოგბერაშვილი
23.06.23 15:16
900
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და ნათია თურნავას პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მის დამოუკიდებულობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს - ასეთია პარლამენტის წევრთა ნაწილის შეფასებები.

საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სებ-ის საბჭომ ნათია თურნავა გუშინდელ სხდომაზე აირჩია. აღნიშნული თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს ჰქონდა დაკავებული.

“საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა აბსოლუტურად გარანტირებულია კონსტიტუციით და ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სწორედ ემსახურება იმას, რომ კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელება იყო ლეგიტიმურად და სამართლებრივად გამართული.

რაც შეეხება ნათია თურნავას დამოუკიდებლობის ხარისხს, მე დარწმუნებული ვარ, კანონით მინიჭებული საკონსტიტუციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იგი შეძლებს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარებას და ის ფაქტი, რომ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა მონეტარული პოლიტიკის კარგად დაგეგმვას უფრო შეუწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკა, რა თქმა უნდა დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ამასთანავე ფისკალური პოლიტიკის გარკვეულ მიმართულებებსაც უნდა ითვალისწინებდეს, რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება. მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის აღმასრულებლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მაგრამ რა თქმა უნდა ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.

ხოლო ის ნიუანსები, რაც ქალბატონმა ნათიამ იცის წინა სამუშაო გამოცდილებით, მას დაეხმარება უკეთესად დაგეგმოს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, პირველ რიგში ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, ასევე ინფლაციური პროცესების მართვისათვის“,-აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი.

„ჩვენ ვიმოქმედეთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის, მოქნილი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის და საბოლოო ჯამში ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რასაც დამოუკიდებელი ინსტიტუცია ჰქვია.

ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ ყოფილიყო ერთგვარი სამართლებრივი ვაკუუმი და შეიძლებოდა გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ჰქონოდა რაიმე საფრთხე“,-განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ნათია თურნავა, როგორც პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება იქამდე, ვიდრე სებ-ს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები