მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს სესხის ძველ გრაფიკზე დაბრუნება პენსიონერებისთვის? - თურნავას განმარტება

ნათია თურნავა

ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას და არ ნიშნავს პენსიონერებისთვის ავტომატურად ფინანსური პირობების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მიმდინარე ინტერპელაციის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა. გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.

თურნავას განმარტებით, გამოვლენილი იყო არასათანადო ინფორმირების ფაქტები, მათ შორის კოვიდპანდემიის პერიოდში პენსიონერებისთვის სესხების გადავადების თაობაზე, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსურ ორგანიზაციებს გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ მიეცათ წერილობითი მითითება.

„ეს იყო მთავარი რეაგირება, რაზეც თქვენც გქონდათ შეკითხვები, რომ სწორედ ეროვნული ბანკის მითითებით და იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდპანდემიის დროს პენსიონერები არ იყვნენ მეტწილად კარგად და სათანადოდ ინფორმირებული იმაზე, რომ მათ სესხებზე გადავადება უკეთდებოდათ და ეს გადავადება ნიშნავს თანხის გადატანას და არა თანხის ჩამოწერას ან განულებას, ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება ბანკს, რომ მოთხოვნისთანავე და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, მათ დააბრუნონ პენსიონერები ძველ გრაფიკზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ორმხრივ ქმედებას:

„ამ დროს ბანკი ვალდებულია დააბრუნოს გადავადების პერიოდში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი. ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში ხდება სესხის გადახდის ძველი გრაფიკით გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, რომ ნუ ვითამაშებთ ემოციებზე და როცა პენსიონერებზეა საუბარი, ემოციებზე თამაში იოლია“.

თურნავას თქმით, ის, როგორც რეგულატორი მოუწოდებს ყველას, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს პენსიონერებს და მათ ოჯახებს იმის შესახებ, რომ მათ აქვთ სრული უფლება, რომ დაუბრუნდნენ სესხის გადახდის ძველ გრაფიკს, - „ამაზე ეროვნული ბანკის მკაფიო მითითება არეგულირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სესხის განულებას და ერთი ან ორი ცალკეული შემთხვევის განზოგადებას ნუ ვეცდებით, ვინაიდან ეს ნიშნავს მანიპულირებას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

სესხის პროცენტი 150 000-ზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება - რას ამბობს "ლიბერთი"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები