მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია

ეკა მიქაბერიძე
04.11.24 15:40
480
სტატიაში საუბარია:

ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ძლიერია საქართველოში და სწორედ ეს განსაზღვრავს იმ ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ ნარჩუნდება და ოქტომბერში 0.3%-ს შეადგენს. ფასების სტაბილურობის მიღწევა სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით.

„დავიწყებ ფასების სტაბილურობით, რომელიც სებ-ის მთავარი მანდატია და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო ფასების ზრდის ტემპის შენელება და უკვე მარტიდან მოყოლებული ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ოქტომბრის მონაცემებით, ინფლაცია 0.3%-ს შეადგენს და მე ვიტყოდი, ეს სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც დროული გამკაცრების, ასევე დროული ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია დიდწილადაა განპირობებული ადგილობრივი პროდუქტების დაბალი ინფლაციით და ასევე მომსახურების სექტორში ფასების ზრდის ნელი ტემპით. ეს თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებაზე მიგვითითებს.

რაც შეეხება სხვა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური დამთხვევა გვაქვს, დაბალ ინფლაციასთან ერთად არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 9.8%-ია, ეს არის ერთობლივი შიდა მოთხოვნის ზრდის საფუძველზე დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც აჭარბებს ყველა მოლოდინს და ეკონომიკური აქტივობის სიძლიერიდან მომდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ეკონომიკის ჯამური პოტენციალი“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები