პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას უკვე ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი ამაზე არ მიუთითებს.
ასე უპასუხა პოლიტიკოსმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, იანვარში დაფიქსირებულ 11%-იან ეკონომიკურ ზრდას და მეტ-ნაკლებად სტაბილური ლარის კურსის ფაქტორებს შეეხებოდა.
"გლობალურ უნდობლობას არ ვნერგავ, მაგრამ ავტოკრატიულ რეჟიმებს, სტატისტიკური ციფრების მანიპულაციაც ახასიათებს. შევხედოთ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუნდაც ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს... ამ ქვეყნების სტატისტიკური მონაცემისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ამიტომ ჩვენი გუნდი ოფიციალური მონაცემების ჯვარედინ გადამოწმებას მიმართავს ხოლმე.
შეუძლებელია საუბრობდე სამუშაო ადგილების ზრდაზე, მაშინ როდესაც ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია და უკვე რამდენიმე თვეა ეს ტენდენციაა;
შეუძლებელია საუბრობდე ინვესტიციების ზრდასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, როცა ფაქტობრივად, ყველა გამოკითხვა, იქნება ეს ევროპული ბიზნეს-ასოციაციების თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, აჩვენებს იმას, რომ გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე ბიზნესი ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყებისგან თავს იკავებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმადაც, 2024 წლის FDI ქვეყანაში 30%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ სექტორშიც კი, რომელიც უცხოური ინვესტიციის შემოტანის ძირითადი „დრაივერია“, წინა წელთან შედარებით კლებაა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან მოყოლებული ხელისუფლება გვატყუებდა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მათი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება იყო, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ მიგრანტების ეფექტის მილევამ დროებით პოზიტიური დინამიკა ტურიზმსა და უძრავი ქონების სექტორში თან წაიყოლა.
სწორედ უძრავი ქონების სექტორში კრიზისის ნიშნებზე მიანიშნებს გაყიდვების სტიმულების შექმნა - ვგულისხმობ ეროვნული ბანკის რეგულაციებს, რომლის თანახმადაც, იპოთეკით ბინის შეძენა გამარტივდა... რამდენადაც ვიცი, შემცირებული გაყიდვების გამო, დეველოპერული პროექტების განხორციელების ტემპი შენელდა, ნაწილი - ჩერდება.
ამდენად, ეკონომიკაში ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო [პოლიტიკური კრიზისის გამო] და ამ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკური აგენტები, ვგულისხმობ ევროკავშირს, აშშ-ს და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებს, შენთან, როგორც სახელმწიფოსთან წყვეტენ ურთიერთობას ან გადახედავენ ურთიერთობის ხარისხს, ეს ყველაფერი გზავნილია, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული განუსაზღვრელობა, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა თავისი შეფასების და მოლოდინების გასამყარებლად Moody’s-ის ანგარიშიც მოიყვანა, რომლის თანახმად, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად დატოვა, მაგრამ პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეამცირა.
„თუ ჩემი არ გჯერათ, ნახეთ Moody’s-ის ანგარიში, სადაც წერია, რომ ეკონომიკის მთავარი რისკი პოლიტიკური კრიზისია“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი და იმედოვნებს, რომ პერსპექტივის გაუარესებას 6 თვეში რეიტინგის გაუარესება არ მოჰყვება.
- ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია, რომელიც მიბმულია პოლიტიკურ კრიზისთან. ამაზე მეტყველებს Moody’s-ის ანგარიში. ძალიან ექსტრემალურ ვითარებაში ხდება, რომ პერსპექტივა და რეიტინგი ერთდროულად გაუუარესდეს ქვეყანას; ჯერ პერსპექტივის შეცვლა ხდება და შემდეგ რეიტინგის გადახედვა. იმედი მაქვს, 6-თვიან პერიოდში, ვიდრე მორიგი განახლება იქნება, საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება და ქვეყნის სუვერენული რეიტინგი არ გაუარესდება.
- იმედი გასაგებია, მაგრამ მოლოდინი როგორი გაქვთ?
- იმედით შემოვიფარგლები, რადგან ძალიან დიდია განუსაზღვრელობა და უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რაიმე ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება კონკრეტულ ციფრებში, თუმცა ჩვენი რესურსებით ეკონომიკაში სცენარებს ვტესტავთ და წელს, ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა 0%-თან ახლოს იქნება, რაც მძიმე პერსპექტივაა. ამდენად, საჭირო და აუცილებელია პოლიტიკური გარემოს ცვლილებები, რათა ეკონომიკაში სიტუაცია ნორმალიზდეს.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- „ქართულ ოცნებას“.