„ირაკლი კობახიძეს ხომ შინაარსი არ ესმის და როცა ეკონომიკას და ციფრებს ეხება საქმე, ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც უთხრეს, უმატებს პროპაგანდის მარჟას“, - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აბსოლუტურად რეალურია, წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9%-ს გადააჭარბოს".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ოპტიმისტურ სცენარშიც კი წელს 7.4%-იან ზრდას ელის, ხოლო კვირის დასაწყისში პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 3%-მდე შემცირდეს, რაც ფინანსთა სამინისტროს პესიმისტურ სცენარებშიც არის გაწერილი.
„ეკონომიკაში პრობლემები გარდაუვალია“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
„რას ნიშნავს, როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზად ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას არ იზიარებს, მაგრამ არც საკუთარ ვარიანტს სთავაზობს საზოგადოებას“ – 2019-2020 წლებში პრემიერის ყოფილი მრჩეველი პასუხობს, რომ „ოცნებას“ გამოსავალი საერთოდ არ აქვს.
„ხშირ შემთხვევაში, მათ კომპეტენციის სერიოზული დეფიციტი აქვთ. ნებისმიერ ბიზნესმენს ვკითხოთ - რა ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები ახსენდებათ „ოცნებისგან“ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რომელიც ეხმარება ბიზნესს აქტივობაში? ვერავინ ვერაფერს დაასახელებს, რადგან არ ყოფილა. ამდენად ეკონომიკური ზრდის ტემპის დაკავშირება მათ ეკონომიკურ პოლიტიკასთან და რეფორმებთან უბრალოდ პროპაგანდააა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკურ ზრდის მთავარი ფაქტორი იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი შოკის ეფექტი იქონია.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ვარაუდობს, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, სანქციები, რომლის ჯერ მხოლოდ „ზედაპირი ჩანს“ და იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებს და ამას „ქართულ ოცნებაშიც“ კი ხვდებიან.
„2024 წლის ბოლოს, საგადასახადო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება განახორციელეს, რომლის მიზანი არის ეკონომიკიდან მეტი ფულის ამოღება, რადგან იციან, რომ სერიოზული გამოწვევები ელოდებათ გადასახადების მობილიზების კუთხით, რომელიც არის ხარჯების, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წყარო, ამიტომ საგადასახადო წნეხს ზრდიან; ეს პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესსა და მოქალაქეებზე აისახება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს.
„დავოსში რომ საქართველო არაა წარმოდგენილი, იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური საზოგადოების გარდა, „ქართულ ოცნებასთან“ ეკონომიკური საზოგადოებაც ზღუდავს საუბარს“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.