მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვთხოვე ირაკლი [კობახიძეს], მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

"მე მინდა, მეტი სითბო იყოს და ვთხოვე ირაკლი [კობახიძეს], რომ მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან" - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ირაკლი კობახიძესთან მსხვილი ბიზნესის შეხვედრაზე დასმულ კითხვას შეეხებოდა. „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძესთან კითხვა არ ჰქონია.

- ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე, თქვენ რა კითხვები დასვით?

- მე კითხვები არ მქონდა. მე მინდა, უფრო მეტი სითბო იყოს და ვთხოვე ირაკლის, რომ მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან...

- ანუ ასე სასტიკად არ გვცემოს?

- მე ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება უფრო თბილად შეიძლება ადამიანებს ესაუბროს; ახალგაზრდაცაა, ნერვებიც... უნდა ვაპატიოთ. შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დაღვინდებიან და შეძლებენ უკეთესად ამის კეთებას. არაფერი უპატიებელი აქ არის. ყველაზე მთავარი ეს არის. ცოტა ცივი და სწორხაზოვანი მიდგომა აქვს, მაგრამ ეპატიება ეს ადამიანს იმ დროს, როცა 24-საათიანი სამუშაო გაქვს და უამრავი რისკი და პრობლემა აარიდეს ამ ქვეყანას.

- რა ვაპატიოთ?

- ყველაფერი.

- ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს?

- ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ ყველამ ყველაფერი. ძალადობა ვერ გააერთიანებს ჩატეხილ ხიდს. მხოლოდ სიყვარული და ძმობა. რაღაც დიდი ამბიციები გვაქვს და არ ვართ ამხელა ერი. ევროპა, მთელი მსოფლიო შევაწუხეთ უკვე ჩვენი აუტანელი გამოსვლებით.

- არ ეტყობა ევროპას და მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხით შეწუხდა...

- ნორმალური ევროპა [შეწუხდა]

- ვერ დაგეთანხმებით. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებით ყველა აღფრთოვანებულია...თუმცა დავუბრუნდეთ რეალობას - რა პრობლემები გველოდება ეკონომიკაში თუ მალე არ დასრულდა პოლიტიკური კრიზისი?

- ძალიან დიდი პრობლემა გველოდება. მე მგონი, ორივე მხარემ იცის ეს და რას ვაკეთებთ ამისთვის, რომ უდიდესი პრობლემის წინაშე ვაყენებთ ეკონომიკას?

- ირაკლი კობახიძემ რა გითხრათ - რას ვაკეთებთო?

- რა უნდა გააკეთოს ირაკლი კობახიძემ?

- ერთი თვეა ქვეყანაში უწყვეტი პროტესტია. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და მათ რამე არ უნდა გააკეთონ? რას აკეთებენ?

- მე არ ვიცი რას აკეთებს...

- ძალაუფლება „ოცნების“ ხელშია დღეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ხომ მეტი აქვს?

- მე მგონი, [ხალხის] დასამშვიდებლად ყველაფერს აკეთებენ...

- მაგალითად, რა გააკეთეს? - ის, რომ ყოველდღე გვიმეორებენ, 800 კაცი დგას რუსთაველზე, არა 1200 ან მაქსიმუმ 3000?..

- ამაზე ხომ გითხარით ჩემი პასუხი?! რომ ჩვენ ამას არ ვუწონებთ. არაა ეს კარგი, რომ 800 კაცი [დგასო] იძახო, როცა ბევრია... თან არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც 800 კაცი იყოს, 800 კაცსაც უნდა მოვლა და მოფერება.

- და რა გითხრათ - რატომ არ ვეფერებიო?

- ყველაზე მთავარი ამ ბიჭებს და გოგოებს მივმართავ, რომელთაც ყველას პირადად ვიცნობ - ვგულისხმობ ოთხ პარტიას, ვინც მანდატები აიღო... ქართველი ერი არ დაივიწყებს იმას, ვინც შერიგებისთვის პირველ ნაბიჯს გადადგამს.

- ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს...

- ვინც ახლა პირველი იტყვის - „ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემი ერისთვის, ჩემი ხალიხსთვის შევდივარ პარლამენტში, ოღონდ სიმშვიდე იყოს და ვთმობ ყველა ჩემს ამბიციას“ - წარმოიდგინეთ, ისტორიაში შედიან ერთ წუთში.

- „ოცნებასაც“ ურჩიეთ, ერთ წუთში ისტორიაში როგორ შევიდნენ - მაგალითად, ბიძინა ივანიშვლს რისი გაკეთება შეუძლია ახლა?

- ბიძინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში. დღეს რომ დაამთავროს მოღვაწეობა, უკვე ისტორიაშია შესული.

- რით?

- ისტორია იტყვის...

- მე თქვენ გეკითხებით...

- ჩვენს ქვეყანას ომი ააცილა. ამ ქვეყანაში არაა მგონი ოჯახი, რომელსაც სამოქალაქო ომში არ ჰყავს ოჯახის წევრი დაკარგული. ამ ხალხს რას ვპასუხობთ?!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები