ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, 9 თვეში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-ით გაზრდა, ძირითადად, არა - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, არამედ გარე ფაქტორების დამსახურებაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც წამყვანმა ეკონომისტს ჰკითხა - როგორ ინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რადგან ანალიტიკოსებს და ბიზნესის წარმომადგენლებს წლის დასაწყისში ნეგატიური პროგნოზები ჰქონდათ.
აკაკი ცომაია აცხადებს, რომ არაა აუცილებელი, საქართველოს ეკონომიკის ზრდა/შემცირების სცენარები ყოველთვის გამართლდეს.
„გვახსოვს, პროგნოზირებდნენ ეკონომიკის რეცესიას… თუმცა სცენარი არ ნიშნავს, რომ ის უნდა რეალიზდეს. შეიძლება, ბევრი სცენარი არსებობდეს“, - აღნიშნა მან.
ეკონომისტის განმარტებითვე, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი საშუალოდ 4,5–5%-ია, რაც განპირობებულია ქვეყნის შესაძლებლობებით და კონკურენტუნარიანობით საერთაშორისო ბაზარზე და რაზედაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მიგვითითებენ. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას მოკლევადიან პერიოდში, აკაკი ცომაიას თქმით, მასზე გავლენას ახდენენ როგორც მთავრობის პოლიტიკა (ფისკალური და მონეტარული), ასევე გარე ფაქტორები.
„მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო მთავრობის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით არის უზრუნველყოფილი, მაგრამ [საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე] ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს გარე ფაქტორები. 2018 წლამდე ისინი ნეგატიური იყო და გვახსოვს, ეკონომიკა წლიურად ორი-სამი პროცენტით იზრდებოდა. შემდეგ covid-პანდემიამ, დაახლოებით, 7%-ით შეამცირა ეკონომიკა. პოსტპანდემიურ პერიოდში კი დაიწყო აღდგენა და ეკონომიკის ზრდა, რასაც დაემატა [რუსეთ-უკრაინის ომიდან] გამომდინარე განვითარებული მოვლენები და ჩვენმა ქვეყანამ არნახულად ისარგებლა - ეს ევროკომისიის ანგარიშშიც აღინიშნა“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ნაწილში მიუთითებს, მაგრამ აღნიშნულია ზრდის მიზეზებიც და რისკებიც - განსაკუთრებით ხაზგასმულია პოლიტიკური არასტაბილურობა და საერთაშორისო ასპარეზზე გაურკვევლობა. ბოლო წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ევროკომისია ძირითად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებს.
„საერთო მაღალი პრიორიტეტის და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის რეექსპორტი კვლავ შეშფოთების საგანია“, - ამ ჩანაწერსაც ნახავთ დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ქვეყანა სარგებელს იღებდა ტურიზმის აღდგენით, რუსეთიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მიგრანტებით და იმით, რომ უკრაინის ომის გამო, გარკვეულმა სერვისებმა და სავაჭრო მარშრუტებმა რუსეთიდან საქართველოსკენ გადაინაცვლა.
„ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, რომელსაც საზოგადოება ვერ გრძნობს, რადგან ეკონომიკა დარგობრივად ვერ ვითარდება და ნაზრდი არაპროპორციულად ნაწილდება“, - ამბობს აკაკი ცომაია.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის რისკებს, ეკონომისტი ვარაუდობს, რომ თუ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია გამწვავდა, შეუძლებელია, გავლენა არ იქონიოს ეკონომიკაზე.
„გარე ფაქტორების ეფექტი იწურება. თუ ამ გზით გავაგრძელებთ, ჩვენი 4.5-5%-იანი პოტენციური ზრდა, დროთა განმავლობაში, უფრო დაბალი გახდება, რადგან შეუძლებელია [ეკონომიკას] არ დაეტყოს ის, რომ ვიქნებით ცივილიზებული სამყაროდან გამოსულები, რუსულ ეკონომიკაზე მიბმულები...“, - განაცხადა ეკონომისტმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში აკაკი ცომაიამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება საზოგადოების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე.
„წერტილი უნდა დავუსვათ ნიჰილიზმს და აბსოლუტურად ყველამ უნდა დავიწყოთ „მიწოდების“ შექმნა. არ არის ისე, რომ უნდა ველოდოთ პოლიტიკოსებს - ახლა ისინი ვერაფერს აკეთებენ და მე ვის უნდა დავუჭირო მხარი?! ისევ „ოცნება“ სჯობს მათ ყველას და ამ დროს მე „ქართული ოცნება“ არ მომწონს... ამ სიტუაციაში, შენ თავად უნდა შექმნა ალტერნატივა“, - აღნიშნა ეკონომისტმა.




























