"მნიშვნელოვანია მაღალი დონის გამჭვირვალობის შენარჩუნება, როდესაც საქმე ეხება კონკურენციას საჯარო და კერძო კაპიტალს შორის", - ასე პასუხობს “ეკონომიკის განვითარების კორპორაციასთან” დაკავშირებით BMG-ის კითხვას სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი.
ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში ჯიჰად აზური ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მსგავს სახელმწიფო უწყებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა შენარჩუნდეს.
რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა სავალუტო ფონდი ფისკალურ რისკებს კორპორაციასთან მიმართებაში, მისი თქმით, ეს აღნიშნული უწყების ოპერაციებზე იქნება დამოკიდებული.
“არის გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც ე.წ. „სუვერენული ფონდები“ შექმნეს. ეს დაიწყო იმ ქვეყნებით, რომლებსაც აქვთ შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან, როგორც სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რათა მოახდინონ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია. ვფიქრობ, საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის, რომელიც არის ჯანსაღი ფინანსური სისტემის მქონე ეკონომიკა, ძალიან კარგი და დინამიური კერძო სექტორით, მნიშვნელოვანია მეტი სივრცის დათმობა კერძო სექტორისთვის. მეორე მხრივ, მაღალი დონის გამჭვირვალობის შენარჩუნება, როდესაც საქმე ეხება კონკურენციას საჯარო სუბიექტებს ან საჯარო კაპიტალსა და კერძო კაპიტალს შორის. მესამე, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის დონის შენარჩუნება ამ კომპანიების ანგარიშებზე.
ეს დამოკიდებულია ამ ჰოლდინგური კომპანიის ოპერაციებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა წინ წაიწევს ორი მიმართულებით — გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაძლიერება და ასევე კერძო სექტორის როლის გაძლიერება - ეს საშუალებას მისცემს საქართველოს გაზარდოს პროდუქტიულობა და მეტი სივრცე მისცეს კერძო სექტორს ზრდისთვის”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა “საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის” შექმნას გეგმავს, რომელიც ყოფილ საპარტნიორო ფონდსა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გააერთიანებს.




























