მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დასაფუძნებლად "აწარმოე საქართველოს" რეორგანიზაციის დადგენილება გამოიცა

აწარმოე საქართველოში

მთავრობამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" რეორგანიზაციაზე დადგენილება გამოსცა, რის შედეგადაც სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ჩამოყალიბდება.

საქმე ისაა, რომ მთავრობა ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე ახალ ინსტიტუციას ქმნის. როგორც 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, მისი სახელი არა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“, არამედ „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ იქნება.

დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − "აწარმოე საქართველოში" რეორგანიზებული იქნება სააქციო საზოგადოებად, რომლის დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახით.

ქონების სააგენტომ დადგენილების ამოქმედებიდან, ანუ 8 აპრილიდან 30 დღის ვადაში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა დანიშნოს შემდეგი შემადგენლობით:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
  • ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ნომინირებული ერთი დამოუკიდებელი წევრი.

"ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნების გეგმის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს საჭიროებდა, რასაც პარლამენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე უნდა განეხილა. 7 თებერვალს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ინსტიტუტის ფორმირებისთვის „საქართველოს განვითარების ფონდი“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთმანეთს შეერწყმებოდა. „ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი“, - განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნია, რომ საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი მარტის დასაწყისში დაუჭირა.

ამასთან, "საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა "ქართული ოცნების" მთავრობას 2014 წელსაც ჰქონდა - შესაბამისი კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა, მაგრამ კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები