ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და მის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემები გააცნეს.
„ძირითადი საკითხები იყო ის, რომ ამ სფეროში არსებული ყველა ბიზნესი ვთანხმდებით, რომ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სასტუმროებმა, ტურისტულმა ობიექტებმა, ყველამ დავაყენეთ საკითხი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ძალიან ბევრი გაუქმებები გვაქვს. მოვუტანეთ ეს ინფორმაცია მინისტრს. ვთხოვეთ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს სარეკლამო კამპანიები ევროპაში და ამაზე მივიღეთ პირობა, რომ აუცილებლად დაიწყება მოკლევადიანი სარეკლამო კამპანიები. დავაყენეთ საკითხი, რომ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიღებთ მონაწილეობას როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და ძალიან ბევრია საჭირო.
რამდენიმე ინიციატივა იყო, მათ შორის სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის გადავადების. პირობა მივიღეთ, რომ ამაზე თუ საბუთები იქნება წარმოდგენილი, შესაბამისი მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაიწყება მუშაობა. კონკრეტულად არ ვიყავით წინადადებებით მზად, თუმცა მოვამზადებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ჩეხერიამ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, ამ მიმართულებით თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება.
ჩეხერიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კანონთან დაკავშირებით იყო რამდენიმე თხოვნა, მოწოდება, რადგან ეს არის ის, რაც დღეს ამ ბიზნესს აზიანებს.