ეკონომიკის მინისტრი ხვალ, 14 საათისთვის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს შეხვდება. სავარაუდოდ, საუბარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ჯავშნების გაუქმების შესახებ დარგის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში მედიასთან გამოთქმულ წუხილებზე იქნება. ამის შესახებ BM.GE-სთვის გახდა ცნობილი. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორიც ადასტურებს.
BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აუცილებლად მივა, რადგან თვლის, რომ ეს შეხვედრა დროული და საჭიროა.
„აუცილებლად ვიქნები. ეს ძალიან დროული და საჭირო შეხვედრაა, იქიდან გამომდინარე, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ტურიზმზე ახდენს გავლენას. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ბიზნესია, რომელიც პატარა ძვრებსაც კი გრძნობს.
კოვიდ-პანდემიის შემდეგ 2024 წელი ის პერიოდია, როდესაც რეალურად გამოვდივართ იმ მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ პირველი კვარტალი იყო ის დრო, რომელიც სექტორმა წარმატებით გავიარეთ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრიდან ველოდებით, რომ გავიგებთ, რა მოლოდინები აქვთ, რა არის ის მიზნები, რომლის საშუალებითაც მარკეტინგულად ავითვისებთ იმ ბაზრებს და ავიამიმართულებებს, სად შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად ვიმუშაოთ და როგორ უნდა დავარწმუნოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა და არ იქნება ეს აქციები თუ სხვა ფაქტორები, რომლებიც ტურიზმზე აქტიურად მოქმედებს.
ჩვენ სახელმწიფოსგან გვინდა პასუხი კითხვაზე - როგორ შეიძლება დავარწმუნოთ საქართველოში ჩამომსვლელები, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, რომ აქ ტურისტმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნოს თავი... ის უამრავი ღონისძიება და კონფერენცია, რომლებიც ამ პერიოდში იმართება ხოლმე, ეს იქნება კონცერტები თუ წვეულებები, რამდენად არის დღეს ქვეყანაში ამის ვითარება და შესაძლებლობა და რა გეგმა აქვს თავად სახელმწიფოს და დეპარტამენტს ამ მიმართულებით. საინტერესოა მათი სტრატეგიის მოსმენაც“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ტურიზმის აქტიური სეზონის მოახლოებასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ზოგადად, ამ პერიოდში სექტორის აქტიური კომუნიკაცია ხდებოდა. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე, მათ ეკონომიკის მინისტრის მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღების მოლოდინი აქვთ.
„ყოველი გამოსვლა და აქცია ტურიზმზე ძალიან მოქმედებს. საქართველოში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შუქდება. აქედან გამომდინარე, როდესაც მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ხარ, ყველა თავისებურად უყურებს და აფასებს საქართველოში თავისი მოგზაურობის შესაძლებლობას. ამიტომ მაქსიმალური სიმშვიდე, სტაბილურობა და პოზიტივი სჭირდება ტურიზმს. ეს თუ არ არის ქვეყანაში, ტურიზმი ჩერდება და როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში მოგზაურობისგან თავს იკავებს. ეს მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება, სხვა ქვეყნებში, სადაც გამოსვლები და საპროტესტო აქციები იმართება... მიმუშავია ევროპაში და იმ დროს, როდესაც პარიზში პროტესტი იყო, სასტუმროების დატვირთვა ძალიან დაბალ მაჩვენებელზე იყო, მაშინ როდესაც საფრანგეთის დედაქალაქი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. ქვეყანაში ჩამოსვლისას ტურისტს სჭირდება გზები გახსნილი იყოს, მას სჭირდება, რომ კარგად უმასპინძლონ და გემრიელი საკვები დახვდეს, ასევე სჭირდება მყუდრო და უსაფრთხო გარემო, აქედან გამომდინარე ამაზე ყურადღების გამახვილება ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განმარტავს ვალერი ჩეხერია.