მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს მივწერეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე

ავტოიმპორტი

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ალექსანდრე ნონიაძემ საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით Bm.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ასოციაციას აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.  ალექსანდრე ნონიაძის განმარტებით, მათ წერილი ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი აქვთ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

„ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს. იმის გამო, რომ დავითაშვილი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წარმოებს და სპიკერი ამ საკითხში მთავრობამ ლევან დავითაშვილი გამოიყვანა, ამ საკითხზე ჩვენც ეკონომიკის სამინისტროს მივწერეთ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პირადი კონტაქტიც გამოვიყენე და პასუხი არ გამცეს.

ვაპირებდით, ფინანსთა სამინისტროსთან შეხმიანებას და თუ თქვენ უკვე მიიღეთ პასუხი ე.ი ნამდვილად ასეა. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ: საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება. 

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად: "1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი,"- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

Bm.ge-იმ დამაზუსტებელი კითხვებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საიდანაც პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკული ავტომობილების ექსპორტი ბელარუსშიც აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები