ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა.
„ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ. აშშ. დოლარს აღემატება“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის ათ თვეში ექსპორტი, ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ათი თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად - 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.