საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. ამის შესახებ Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთი აზერბაიჯანისგან 250-300 მეგავატ ელექტროენერგიას ელის, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა მოცულობის დენს მიიღებს საქართველოსგან, რომელსაც ზამთრის თვეებში თავად ან იმპორტი უწევს ან თბოსადგურების ჩართვა, რომელიც ასევე არაპირდაპირი იმპორტია.
"საქართველოს პასუხია, რომ სიტუაციის მიხედვით. ისინი წინასწარ დაპირებას ვერ იძლევიან, მაგრამ ვითარების მიხედვით იმოქმედებენ", - ამბობს პანინა. BMG-მ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა მისცემს თუ არა დენს და რა მოცულობით ქართული მხარე რუსულ სახელმწიფო კომპანიას.
მანამდე პანინა აცხადებდა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს მიმართა საგანგებო სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროში BMG-ის უთხრეს, რომ ელექტროსისტემებით დაკავშირებულ ქვეყნებს როგორც ამ შემთხვევაში საქართველოა რუსეთთან, ავარიული შემთხვევების დროს ერთმანეთს ეხმარებიან.
"საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, არსებული პროცედურების თანახმად, ერთჯერადად იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება მეზობელი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. რუსეთის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირდება რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ", - ნათქვამია წერილობით მოწოდებულ კომენტარში.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოს რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ფაქტობრივად არ ჰქონია, ძალიან მცირე მოცულობის იყო მხოლოდ 1.3 მლნ კვტ.სთ. 11 თვეში ქვეყანამ საკუთარი ელექტროენერგია თითქმის სრულად თურქეთსა და სომხეთში გაყიდა. საქართველოს თავად დასჭირდა რუსეთიდან დენის იმპორტი: იანვარში; თებერვალში; მარტში; სექტემბერსა და ოქტომბერში 613 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა.




























