მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმზე უარყოფით გავლენას გარკვეულწილად აღიარებენ... სამოქმედო სტრატეგია არ აქვთ - ია თაბაგარი

თაბაგარი

ტურიზმის ანალიტიკოსი, ტუროპერატორთა ასოციაციის ბორდის წევრი ია თაბაგარი ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან მთავარი გზავნილი „რუსული კანონის“ გაწვევა იყო.

როგორც ია თაბაგარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ BMG-ის განუცხადა, შეხვედრაზე მსხვილი ბიზნესების მხრიდანაც დაფიქსირდა, რომ ჯავშნები უუქმდებათ და უცხოელი პარტნიორები კითხვებს სვამენ.

„გზავნილი [ბიზნესის მხრიდან] იყო კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ რასაკვირველია სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პასუხი ვერ გაგვცეს. საუბარი ბევრ თემაზე იყო, მათ შორის იმაზე, რომ უახლოეს ორ კვირაში ბიზნესი კიდევ დაზარალდება, რადგან ეს მასპინძლობის ინდუსტრია და ამის ფაქტები უკვე სახეზე გვაქვს. ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში, რაც ზაფხულისა სეზონი და შემოდგომის სეზონს მოიცავს... რაც ქვეყანაში ხდება პირდაპირ კანონის უკავშირდება და პირდაპირ თუ ირიბად აისახება მცირე და დიდ ბიზნესზე. სხვათა შორის, შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი სასტუმროების წარმომადგენლები. როგორც ჩანს, პირველი მათ შეეხოთ გაუქმებები და უამრავი შეკითხვა უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ უქმდება დიდი კონფერენციები, რითაც სასტუმროები ცოცხლობენ“, - ამბობს ია თაბაგარი.

ტურიზმის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრისა და მოადგილეების მხრიდან ვერ მოისმინა კითხვაზე პასუხი არსებულ ვითარებაში რა სამოქმედო სტრატეგია აქვს უწყებას, თუმცა იქვე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო არსებული ვითარების ტურიზმის სექტორზე ნეგატიურ გავლენას გარკვეულწილად აღიარებს.

„მომეჩვენა, რომ ეს იყო თვალებში ნაცრის შეყრა, თანაც დიდი რაოდენობით. გარკვეულწილად აღიარებენ, თუმცა არ აქვთ პასუხი. მე რამდენჯერმა დავსვი საკითხი, რა არის უახლოესი სტრატეგია, რა სამოქმედო გეგმა არსებობს, რაზეც რასაკვირველია ვერ მივიღე პასუხი, თუმცა არც მქონდა მოლოდინი. ამ შეხვედრაზე მოვედი იმიტომ, რომ დამეფიქსირებინა ის, რომ არ შეიძლება სახელმწიფო მუდმივად გველაპარაკებოდეს თვითკმაყოფილების პოზიციიდან, რომ "აი, ამდენი რაღაც კეთდება, აგერ გუშინ გამოცხადდა მაგალითად, დუშანბედან დაინიშნა ახალი რეისი". მე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელს, მინდა რეისი ლონდონიდან და არა დუშანბედან, იმიტომ რომ 25 წლის განმავლობაში ჩემი ბიზნესი სრულად დასავლეთისკენ: ევროპასა და აშშ-ისკენ იყო მიმართული“,- აცხადებს ია თაბაგარი.

მისივე შეფასებით, აშშ-ის სანქციები ნეგატიურად აისახება ინდუსტრიაზე, რადგან ევროპელი ტურისტები ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ.

„სანქცირებას ძალიან დიდი გავლენა ექნება იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი საერთოდ არ ჩამოვა საქართველოში, რადგან მათთვის ეს არის კანონის გარეშე მოქმედი ქვეყანა, ხელისუფლება. რასაკვირველია, ჩვენ შავ სიაში აღმოვჩნდებით და პირველ რიგში ისევ მოსახლეობა დაზარალდება, მცირე ბიზნესი და ის ადამიანები, რომლებიც მასპინძლობის ინდუსტრიაში პატარა ბიზნესებით შემომსვლელ ვიზიტორებზე არიან დამოკიდებულნი“, - განმარტა თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები