ეკონომიკური აქტივობა როგორც მინიმუმ, განახევრებულია, შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შეფასებისას განუცხადა, სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათ შორის უმუშევრობის დონის ზრდა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა და რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრადაა შენელებული.
მისი შეფასებითვე, ოფიციალური მონაცემებით, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება კვლავ რიგ დარგებში, მათ შორის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში არსებულ არაბუნებრივ ზრდას უკავშირდება.
“შრომის ბაზრის მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არასანდო მონაცემი გახდა ეკონომიკური აქტივობის გასაზომად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინფორმაციის და ტექნოლოგიების სექტორის არანორმალური ზრდა ამახინჯებს საერთო მონაცემებს.
წინა წლებში, როდესაც ეკონომიკური ზრდა იყო მაღალი, ამას მოჰყვებოდა ხოლმე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს ნორმალური იყო, ეს იყო ახსნადი, რომ ეკონომიკური აქტივობის დაჩქარება დასაქმებასაც აჩქარებდა.
ახლა უკვე მეორე კვარტალია. ვხედავთ, რომ ქაღალდზე ეკონომიკური ზრდა არის ისევ ისეთივე მაღალი, როგორც იყო წინა წლებში, მეტად თუ ნაკლებად. მაგრამ ამავდროულად, იზრდება უმუშევრობა, რაც არანორმალურია იმ სტრუქტურიდან გამომდინარე, რა სტრუქტურაც ჰქონდა საქართველოს ეკონომიკას.
რა თქმა უნდა, იქნება საუბარი პროდუქტიულობის ზრდაზე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. იქნება საუბარი ტექნოლოგიურ გარღვევაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვნად შენელებული. ეს არ ჩანს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკაში, რადგანაც ანომალიურად, არანორმალურად იზრდება ერთი სექტორი, რომელიც აკომპენსირებს სხვა სექტორებში კლებას. მაგრამ როდესაც შევხედავთ უკვე უმუშევრობის მაჩვენებლებს, იმპორტის მაჩვენებლებს, საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლებს და სხვა ინდიკატორს, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ორჯერ არის შემცირებული ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით და შესაბამისად ჩემი ვარაუდით, ეკონომიკური აქტივობა როგორც მინიმუმ, განახევრებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ის ტემპი, რა ტემპითაც შრომის ბაზარი იზრდებოდა, არის მნიშვნელოვნად შენელებული. ვხედავთ, რომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ვხედავთ, რომ უფრო მეტი თვითდასაქმებული გადავიდა ან უმუშევართა კატეგორიაში, ან სამუშაო ძალის გარეთ.
რომ შევაჯამოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე გვაქვს სტაგნაცია, ის გადახურებული ტემპი, რომელიც გვქონდა, დასრულდა. აქედან გამომდინარე, მე ვვარაუდობ, რომ ხელფასების ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად იქნება შენელებული წლის განმავლობაში. არ უნდა ველოდოთ დასაქმების ბაზარზე რაიმე გარღვევას, ვფიქრობ უმუშევრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ აქტივობა ეკონომიკაში წინა წლის შედარებით არის შემცირებული”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისათვის, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით 14.3%-მდე გაიზარდა, რაც თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, შვიდ თვეში კი საშუალო ზრდის ტემპმა 8% შეადგინა.




























