მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შენელებული ეკონომიკური აქტივობა, პირველ რიგში თვითდასაქმებულებს დაეტყოთ“ - გიორგი ხიშტოვანი

ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი უმუშევრობის ზრდას, რაც თვითდასაქმებულთა რაოდენობის მატებით არის განპირობებული, შენელებული ეკონომიკური აქტივობით ხსნის. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით 14.3%-მდე გაიზარდა, რაც თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა, ხოლო კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა პირიქით გაიზარდა.

ეკონომისტი უცნაურ მდგომარეობას უწოდებს ვითარებას, როდესაც ოფიციალური მონაცემებით, II კვარტალში ეკონომიკა საშუალოდ 7.1%-ით იზრდება, ამ დროს კი უმუშევრობა იზრდება. ის ამბობს, რომ ეკონომიკაში პირველი კვარტალიდან არსებული პრობლემები da შენელებული ეკონომიკური აქტივობა გრძელდება, რაც შრომის ბაზარზეც ახდენს გავლენას.

„პირველ რიგში გრძელდება უცნაური მდგომარეობა - II კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა და პარალელურად უმუშევრობაც გაიზარდა. ისევ ეს სურათი გვაქვს, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება და ამ დროს უმუშევრობაც იზრდება, რაც გიმყარებს ეჭვებს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა ჩვენ არ გვაქვს და გვაქვს, ვირტუალური, ქაღალდზე ასახული ეკონომიკური ზრდა სექტორებში.

ჩემი აზრით, ეკონომიკაში ბევრი სტატისტიკური მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობა წინა წელთან შედარებით შენელებულია - ვაჭრობა იქნება ეს გადმორიცხვები თუ FDI. უმუშევრობის მაჩვენებელიც ამასთან კავშირშია, როდესაც ვხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე დასაქმებაც შემცირებულია. ის ფაქტი, რომ თვითდასაქმებაა შემცირებული და მცირედით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმება, ესეც კარგად აიხსნება ქვეყანაში შენელებული ეკონომიკური აქტივობით.

როდესაც საუბარია დასაქმების შემცირებაზე - ეს პირველ რიგში თვითდასაქმებულებზე, შემდეგ კი დაქირავებით დასაქმებაზე აისახება. აქაც ვხედავთ, რომ შენელებული ეკონომიკური აქტივობა, პირველ რიგში თვითდასაქმებულებს დაეტყოთ. ესენი არიან მცირე მეწარმეები, ინდმეწარმეები, ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ საქმიანობას ეწევიან. ადამიანი თუ მცირე ვაჭრობით, ან სერვისების მიწოდებით არის დაკავებული - თუ ეკონომიკა დუღს უფრო მეტად საქმდება, თუმცა თუ შენელებულია ისინი გადიან ამ აქტივობიდან“, - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი და აცხადებს: „ქართულ ოცნებას თავისი დილემა აქვს - მათთვის ძალიან ძნელია აუხსნას უმუშევრად დარჩენილს, რომ რეალურად ეკონომიკა დუღს, მაგრამ ის უმუშევრად რჩება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები