“თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში არსებული ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე ეს მათ მიერ იყო პროგნოზირებული.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მარტში კი ზრდა 9.3% იყო. ამასთან, მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და მან 14 მილიარდი ლარი შეადგინა.
ოთარ ნადარაია აღნიშნავს, რომ თიბისის არხებში განხორციელებულ გადახდებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ აპრილი მარტთან შედარებით კიდევ უფრო აქტიური იყო, რაც გაუმჯობესებულ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. ამასთან, ოთარ ნადარაია მიუთითებს სავალუტო დეპოზიტების ლარში გადმოტანის ტენდენციაზეც, რასაც ხელს აშშ დოლარის გლობალური დასუსტებაც უწყობს ხელს.
ოთარ ნადარიას თქმით, აშშ დოლარის დასუსტება არის ხელშემწყობი ფაქტორი ეროვნული ბანკისთვისაც, რომელიც სავალუტო რეზერვების აქტიურ შესყიდვებს ახორციელებს.
“ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პროგნოზი ითვალისწინებდა. ეს ასეა იანვარში, თებერვალსა და მარტის თვეებში. ამასთან არაერთი ინდიკატორით მარტში თებერვალთან შედარებით გაუმჯობესება აღინიშნება, ჩვენ რასაც ვხედავთ გადახდის არხებზე დაკვირვებით, აპრილში მარტთან შედარებით უფრო მაღალი აქტივობაა. ფაქტორებს რაც შეეხება, გასულ წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ტურიზმის ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა ბოლო პერიოდში აქაც გაუმჯობესებაზე მიუთითებს. სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, საკრედიტო აქტივობა ძლიერია.
ვხედავთ დეპოზიტების ლარებში გადმოხურდავების ტენდენციებს. ის, რაც ადრე დოლარში გადახურდავდა, მცირე ნაბიჯებით, თუმცა მაინც ლარში მოდის, დოლარის დასუსტება საერთაშორისო ბაზარზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს.
ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი გააქტიურდა ვალუტის შესყიდვის მხრივ, 100 მილიონ დოლარზე მეტი უკვე შეისყიდა მარტში, რაც გამოქვეყნდა, ჩვენც ვფიქრობთ, რომ აპრილში უფრო მეტი იქნება, ვიდრე მარტში არსებული 102 მილიონი დოლარი იყო,”- აღნიშნავს ოთარ ნადარაია.




























