ტრანსპორტის საკითხების ექსპერტ კლაუს რადემახერის შეფასებით, ეკონომიკური განვითარებისთვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დარგის ექსპერტმა „საქმიანი დილის“ რუბრიკა „საუბრები ავიაციაზე“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მის ავტორთან გიორგი მოლოდინაშვილთან ერთად ეკოლოგიაზე ტრანსპორტის ზემოქმედების საკითხზე ისაუბრეს.
კლაუს რადემახერი განმარტავს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საჰაერო გადაზიდვების განვითარება მნიშვნელოვანი.
„როდესაც საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე ვსაუბრობთ, ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი უნდა შევაფასოთ, ერთი გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მეორე - ტვირთის ღირებულება. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ ჰაერით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა გლობალურად გადაზიდული ტვირთების 1%-ია, ხოლო დანარჩენი 99% ზღვით და რკინიგზით გადაიზიდება. ამ ციფრებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვა არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასე არ არის და ამის დამადასტურებლად შემოდის მეორე პარამეტრი, როგორიცაა გადაზიდული ტვირთების ღირებულება. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების 1%-ის ღირებულება არის გლობალური ტვირთბრუნვის 35% ეკვივალენტი. საჰაერო გზით გადაზიდული ერთი ტონა ტვირთის საშუალო ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს, როდესაც გემებით გადაზიდული ერთი ტონა ტვირთის ღირებულება საშუალოდ 2500 ევროა, მატარებლებით გადაზიდული ტვირთის ღირებულება კი უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისთვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განმარტავს ტრანსპორტირების დარგის ექსპერტი.
კლაუს რადემახერი ასევე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტირების სახეობებს შორის ეკოლოგიაზე ნეგტიური გავლენის კუთხით ნაკლებ ზემოქმედებას სწორედ ავიატრანსპორტი ახდენს.
„ტრანსპორტირების სფეროების კომპლექსური ანალიზის დროს პირველ რიგში განვიხილავთ ტრანსპორტის თითოეულ სახეობის ძირითად საშუალებებს როგორიცაა მატარებელი, ავტომანქანა, თვითმფრინავი და გემი, შემდეგ აქ მხედველობაში მიიღება ენერგია, რომელიც საჭიროა გადასაადგილებლად, როგორიცაა: დიზელი, ბენზინი, ელექტროენერგია და ა.შ. ძალიან ბევრ ანალიზში, სადაც განხილულია ტრანსპორტის ეკოლოგიური ზემოქმედება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ტრანსპორტის საშუალებების მიერ ენერგიის გამოყენების შედეგად შექმნილი დაბინძურება, რაც არასწორია, რადგან ტრანსპორტირების თითოეულ სახეობას სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ენერგიასთან ერთად ესაჭიროება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი და ავტომანქანების პარკირების ადგილი. ამავე დროს, ჩვენ გვესაჭიროება დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა როგორიც არის სარკინიგზო ხაზები, სახმელეთო გზები, ტუნელები და ხიდები და უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა როგორიცაა შუქნიშანი, ვიდეოკამერების სათვალთვალო სისტემა, რადარები და სხვა. საჭიროა აღინიშნოს, რომ საავიაციო ტრანსპორტისთვის არ გვჭირდება დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა, რადგან მთავარი დამაკავშირებელი არის ჰაერი, ისევე როგორც საზღვაო ტრანსპორტისთვის მთავარი დამაკავშირებელი წყალია და ამ მიზნებისთვის არაფრის აშენება არ არის საჭირო“, - ამბობს რადემახერი და კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ეს რომ, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას უფრო ცუდი გავლენაა აქვს ეკოლოგიაზე, ვიდრე ეს არის საზღვაო ტრანსპორტსა და ავიაციას, ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი პასუხობს: „აბსოლუტურად ასეა, განსაკუთრებით გამონაბოლქვის კუთხით. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რკინიგზას და სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნას ძალიან დიდი რაოდენობით რკინა, ალუმინი, ბეტონი და სპილენძი ესაჭიროება, რომელთა წარმოებისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი და სწორედ ეს ახდენს გარემოს დაბინძურებას. მაგალითისათვის, გეტყვით, რომ ერთი ტონა ფოლადის წარმოებსას 2 ტონა ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, ხოლო ალუმინის და სპილენძის წარმოებისას კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ხდება ნახშირორჟანგის გამოფრქვევა“.