მე-11 საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლის მშობელი, ნიკა ჩერქეზიშვილი BM.GE-სთან გაჭიანურებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების შესახებ საუბრობს. საქმე ისაა, რომ თბილისის მე-11 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომლის მშენებლობაც თითქმის ოთხი წელია გაჭიანურებულია.
ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მე-11 სკოლის გარდა, კიდევ 4 სკოლაა, რომლის დემონტაჟიც უკვე რამდენიმე წელია განხორციელებულია, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მეტიც, მათი აშენების საკითხი კვლავაც გაურკვეველია.
„ნაძალადევის რაიონში გაჭიანურებული მშენებლობის პრობლემა შეეხო მე-10 საჯარო სკოლას, მე-11 საჯარო სკოლას, 113-ე საჯარო სკოლას, მე-4 საჯარო სკოლას და მე-14 საჯარო სკოლას.
რაც შეეხება მე-11 საჯარო სკოლის შემთხვევაში, მეოთხე წელია საგანმანათლებლო პროცესი შეწყვეტილია. ბავშვები თემქის ორ საჯარო სკოლაში, კერძოდ 142-ე და 159-ე საჯარო სკოლებში არიან გადანაწილებული. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე მთავრობის მხრიდან 3 მლნ 400 ათასი ლარია დახარჯული. ვფიქრობ, ამ თანხად, ამ დროში ერთი დამოუკიდებელი შენობის აშენება იქნებოდა შესაძლებელი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ 1 წლის განმავლობაში 9- და 16-სართულიან კორპუსებს აშენებენ, როცა 4 წლის განმავლობაში, 3-სართულიანი შენობა ვერ ააშენეს.
ტენდერი 2023 წლის იანვარში გამოცხადდა. ამის შემდეგ, წელიწადი და 6 თვეა გასული და ამ დროის განმავლობაში რაც შეძლეს ის არის, რომ ტერიტორიას მხოლოდ ღობე შემოავლეს. ისიც იმიტომ, რომ რაღაცნაირად მშობლების თვალს მოეფარებინათ, იმ მშობლებისთვის, რომლებმაც არაერთი პროტესტი გამართეს გაჭიანურებული მშენებლობის გამო. თუმცა, სამუშაო პროცესები ჯერაც არ განახლებულა“, - აცხადებს ჩერქეზიშვილი.
მისივე ცნობით, მოსწავლეები ამ დროის განმავლობაში მათი საცხოვრებლიდან შორს სწავლობენ, მცირე საგაკვეთილო დროით სარგებლობენ და ხარისხიან განათლებას ვერ იღებენ.
რაც შეეხება დირექციას, ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში სრულიად უუნარო და უუფლებოები არიან. მისივე თქმით, ადმინისტრაციასთან კომუნიკაციისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ მათ თავიანთ სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ და საერთოდ, სკოლაზე გამოცხადდა თუ არა ტენდერი, არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
ინფორმაციისთვის, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინფორმაციით, მათ სისტემაში არსებული 170 სკოლის რეაბილიტაცია/ მშენებლობა პრაქტიკულად უხარვეზოდ მიმდინარეობს. ამასთან, განათლების სამინისტრო გუბერნატორებთან, რეგიონებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმის შესახებ, რომ შედგეს იმ სკოლების სია, რომელთა რეაბილიტაცია სწრაფად უნდა დაიწყოს.