"სკოლა ფართის მწვავე დეფიციტს განიცდის, რაზეც განათლების სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პრობლემა გადაუჭრელია",- ამის შესახებ BM.GE-სთან სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ სკოლის ფლიგელი ცინცაძის სახ. ხელოვნების სკოლამ დაიკავა, რამაც ისედაც მოსწავლეებით გადავსებულ სკოლას, ფართის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეუქმნა.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თემაზე განათლების სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
"მოგახსენებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N128 საჯარო სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა სკოლის ფასადი, რიგი საკლასო ოთახები, მოასფალტდა სკოლის ეზო. დაგეგმილია სკოლის ტერიტორიაზე დამხმარე 3-სართულიანი ნაგებობის აშენება, სავარაუდოდ 2-3 წელიწადში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს სკოლის სახურავი. აგრეთვე, სკოლის მთავარ პრობლემად რჩება ფართის დეფიციტი (სკოლას არა აქვს საკმარისი რაოდენობის სველი წერტილები, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები).
სკოლა თემში ერთ-ერთი მოთხოვნადია, 1300-მდე მოსწავლე სწავლობს და ყოველწლიურად 5 პარალელურ პირველ კლასს ვხსნით. თუმცა, იმის გამო, რომ სკოლის ერთი ფლიგელი ( 600 კვ.მ.) მთლიანად უჭირავს ს. ცინცაძის სახ. ხელოვნების სკოლას, სკოლა განიცდის ფართის მწვავე დეფიციტს. ამ საკითზე სკოლამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დააყენა საკითხი ს. ცინცაძის სახ. ხელოვნების სკოლის ალტერნატიულ ფართზე გადაყვანის შესახებ. ჯერჯერობით ეს საკითხი გადაუჭრელია",- აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.