მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება. ოთხშაბათს FED-მა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. გარდა ამისა, FED-ის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა მოსახლეობას სიტყვით უნდა მიმართოს და მონეტარული კომიტეტის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ისაუბროს, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევს.
მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმაც. ექსპერტების შეფასებით, ინგლისის ბანკი რეფინანსირების განაკვეთს დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის და ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აშშ-ის მსგავსად, 5.5%-ს მიაღწევს.
მომავალ კვირას ცნობილი გახდება ინფლაციური მაჩვენებლებიც, კერძოდ, ამ მონაცემებს ევროკავშირის, კანადის, იაპონიის და ბრიტანეთის სტატისტიკური სამსახურები გაასაჯაროებენ.
კვირის განმავლობაში ცნობილი გახდა აშშ-ის და ევროკავშირის მასშტაბით უმუშევრობის სტატისტიკაც.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიში (II კვარტალი)
- ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ფასების ინდექსი (2023 წლის იანვარი-ივნისი)
- საგარეო ვაჭრობა (2023 წლის აგვისტო)
- ადგილობრივი ექსპორტი (2023 წლის აგვისტო)
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- ექსპორტის ფასების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- იმპორტის ფასების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2023 წლის აგვისტო)
- მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2023 წლის II კვარტალი)