ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი პოლიტიკურად სუვერენულია, თუმცა ეკონომიკური სუვერენიტეტის მხრივ გამოწვევებია. როგორც ასლან ბჟანია აღნიშნავს, აფხაზეთს ინვესტიციები სჭირდება.
"მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად სოფლის მეურნეობა ვითარდება, აეროპორტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ტურისტული ობიექტები შენდება. სახელმწიფოს ამოცანაა, სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, 50 ათასი სამუშაო ადგილის შესაქმნელად 500 მილიარდი რუბლია საჭირო, რისი საშუალება, აფხაზეთს დამოუკიდებლად არ აქვს.
ამასთან, ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავარი ეკონომიკური მიღწევა, ბოლო წლებში ბიუჯეტის შემოსავლების გაორმაგებაა.
"ეს ყველაფერი გადასახადების სამინისტროს და ადგილობრივი ადმინისტრაციების კოორდინირებული მუშაობით იქნა მიღწეული. გაუმჯობესებულმა დისციპლინამ და ადმინისტრაციამ შედეგი გამოიღო - 300-მდე საწარმო, რომელიც მანამდე გადასახადებს არ იხდიდა, ახლა უკვე დარეგისტრირებულია", - აღნიშნა მან.
"რუსულ ბანკებთან ერთად განხორციელებული შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამაც ნაყოფს იძლევა. 2023-2024 წლებში ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით ექვსი მილიარდი რუბლის ინვესტიცია ჩაიდო", - განაცხადა ბჟანიამ.