უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკურად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რაც ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და საერთაშორისო იზოლაციითაა განპირობებული.
მშპ-ის ზრდა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისტორიულ ზრდის ტემპს, რაც ძირითადად დასავლეთის სანქციების და შემცირებული ინვესტიციების შედეგია.
ინფლაცია
ცენტრალური ბანკის ინტერვენციების მიუხედავად, ქვეყანაში ინფლაცია კვლავ აქტიურ გამოწვევად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 8.5%-ს შეადგენს, თუმცა რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, გაცილებით უფრო მაღალი იყოს.
რეფინანსირების განაკვეთი
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციის გაკონტროლების მიზნით, რეფინანსირების განაკვეთი 21%-მდე გაზარდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მიზნად ისახავს რუბლზე წნეხის შემცირებას და ინფლაციის დარეგულირებას, თუმცა მაღალი განაკვეთი კაპიტალზე წვდომას ართულებს და ბიზნესს განვითარებაში უშლის ხელს.
უმუშევრობის დონე
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე რუსეთში 2.4%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური შეფასებით, ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარება უფრო მწვავეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სანქციების ფონზე, მრავალი სექტორი, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური და ენერგეტიკული, სამუშაო ადგილების შემცირებას განიცდის, თუმცა სტატისტიკის სამსახური ამ რეალობას უგულებელყოფს.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, რუსული რუბლი გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. ერთი ამერიკული დოლარის კურსი უკვე 100 რუბლს აღწევს, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ანტირეკორდია. ვალუტის არასტაბილურობა გამოწვეულია უცხოური ინვესტიციების ნაკლებობით და საბიუჯეტო შემოსავლების შეზღუდვით.
სიღარიბის დონე
რუსეთში სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის წილი 12%-ს აღემატება. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებამ და ინფლაციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საშუალო ფენას, რაც ქვეყნის სოციალური სტაბილურობისთვის დამატებით გამოწვევას წარმოადგენს. ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო სანქციები ყველაზე მეტად სწორედ სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფ მოსახლეობას ურტყამს, ყველაზე ნაკლებად კი - მდიდარ ელიტას, რომელსაც შემოსავლის არაერთი წყარო აქვს, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით.