მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე სიღარიბის შემცირების კუთხით სერიოზული წინსვლა გვექნება - პრემიერი

კობახიძე

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, თებერვალში ეკონომიკის 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და საბოლოო ჯამში წლის ბოლოს გასულ წელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი დაფიქსირდება. „მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მათ შორის რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სიღარიბის დონის შემცირებისთვის.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე. მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. სწორედ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც ჩვენი ეროვნული ამოცანაა. წლის ბოლოს დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების კუთხით გვექნება სერიოზული წინსვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურმა მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა. ეს 2021 წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2023 წლის სიღარიბის მაჩვენებელს საქსტატი მაისში გამოაქვეყნებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ პრემიერად დამტკიცებამდე მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, მათი პრიორიტეტი იქნება სიღარიბის განულება.

როგორ ითვლიან სიღარიბეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები