ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის გადახედვა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა.
როგორ კაკაურიძემ bm.ge-ის უთხრა, ფაქტობრივი მაჩვენებელი კი ის არის, რომ ოთხი თვის მონაცემით ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.
„ჩვენ გავაანალიზეთ ის მაჩვენებლები, რომელიც არის ეკონომიკაში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, ინვესტიციების მიმართულებით და დარჩენილი პერიოდის განმავლობაში შედარებით კონსერვატიული გათვლები გავაკეთეთ, რის საფუძველზეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-მდე გავზარდეთ, ნაცვლად 5,2%-სა.
ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავსი გადახედვა გააკეთა ყველამ, ვინც აფასებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის გაზარდა სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ადგილობრივმა ექსპერტებმა, ვინც უყურებს საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი სრულიად თანხვედრაშია სხვა პროგნოზებთან. რაც შეეხება კითხვას, მაქსიმუმს რას ველოდებით, თუ საგარეო მოთხოვნა უფრო მზარდი იქნა, ვიდრე არის, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7 - 7,5%-ის ფარგლებში მივიღოთ“, - განაცხადა კაკაურიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის - აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტს 86 მილიარდი ლარისთვის უნდა მიეღწია. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.




























