"7%-იანი ეკონომიკური ზრდა რა თქმა უნდა კარგი მაჩვენებელია, თუმცა 7% უფრო ძნელად მიგვიყვანს იმ ეფექტამდე, რომ სწრაფად განვითარდეთ და ხელშესახები ევროპული ქვეყანა გავხდეთ" - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა 2023 წლის ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.
2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ზრდა 8.3% იყო. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ბრუნვის მატება დაფიქსირდა ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლება იყო ენერგეტიკასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში.
ჟვანიას თქმით, მიმდინარე წელს პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია, თუმცა ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც თვითკმაყოფილების საფუძველს უნდა გვაძლევდეს.
„მაინცდამაინც არ ვართ განებივრებული არც 7%-იანი ეკონომიკური ზრდით, თუმცა ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს. 5%-იანი ზრდა წელს თანაბარ პირობებში მიღწევადი მგონია, თუმცა კიდევ ვამბობ, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც თვითკმაყოფილების საფუძველს უნდა გვაძლევდეს“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ.