ბიზნეს & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის ირაკლი ჟვანიას შეფასებით, თუ „რუსული კანონი“ არ გაუქმდა, მისი ნეგატიური შედეგი თანდათან ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება და მაღალი ზრდით თავს ვერ მოვიწონებთ.
„არავინ გარისკავს, გაწიროს საკუთარი კაპიტალი“ – „რუსული კანონის“ გავლენა ბიზნესის გეგმებზე
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ივლისში 13%-ით, ხოლო 7 თვეში 9.6%-ით გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
"ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არის, ფაქტია. სხვა ავტორიტეტული წყარო, გარდა საქსტატისა, ჩვენ არ გვყავს, რომელიც გვეტყვის, რამდენად გაიზარდა ეკონომიკა. ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არაა გამოწვეული რეფორმებით ან ახალი ინიციატივებით, რაც ამ ზრდას შეაყენებდა ისეთ რელსებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვეთქვა, რომ ჩვენი ეკონომიკა არსებითად დასტაბილურდა, გაჯანსაღდა და სწორედ ამ ფაქტორების გამო დაფიქსირდა იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე წლის დასაწყისში ნავარაუდევი 5%-6% იყო“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ და მისი აზრით, ეკონომიკური ზრდის ტემპზე მოქმედი ფაქტორები გამოყო.
"ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში - საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაზარდა, ეკონომიკაზე მიგრანტების ეფექტი გაიზარდა, ასევე საქართველო გახდა ალტერნატივა რეგიონში ინვესტიციის განხორციელების და თავიდანვე იყო ნავარაუდები, რომ ეს ეფექტი უფრო მეტ ხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე პირველადი მოლოდინი იყო; ასეც არის. ამ ფაქტორებს ემატება ისიც, რომ ტურიზმის სექტორიც აძლიერებს ეკონომიკას“, - აღნიშნა ირაკლი ჟვანიამ და იქვე დასძინა, რომ „იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება უფრო მეტი სტაბილურობა გვქონდეს, მაგალითად, ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში, არც ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს“.
"მთავრობა უნდა ფიქრობდეს დივერსიფიკაციაზე ორი ძირითადი მიმართულებით - ეს არის ექსპორტი და ტურიზმი“, - დასძინა მან.