11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ უცხოურ სპეცსამსახურებთან ერთად ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ყადაღა დაედო 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით იყო შეძენილი, ძვირად ღირებულ უძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) 58 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ გასულ წელს გამოვლინდა 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტიც. ამასთან, 2025 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებში, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, 19.4 მილიონი ლარის კრიპტოვალუტაა ჩამორთმეული.
BM.GE დაინტერესდა, მსგავსი დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის გათეთრებასთან, ანუ უკანონო საქმიანობით მიღებული ფულისთვის კანონიერი შემოსავლის სახის მიცემასთან, რამდენად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
ეკონომისტი აკაკი ცომაია BM.GE-სთან ამბობს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ აისახება ფულის გათეთრების ნებისმიერი მცდელობა.
"შავი ფული, რომელიც შემოდის და შემდგომ ხდება მისი გათეთრება, ვთქვათ, უძრავი ქონების შეძენა ან ბანკში დეპოზიტის სახით დადება, რესტორანში დახარჯვა თუ ასე შემდეგ, მნიშვნელობა არა აქვს, აისახება სტატისტიკაში, რადგან ზრდის დანახარჯებს ან მოხმარების კომპონენტი გაიზრდება, ან ინვესტიციების კომპონენტი და ამ გზით შესაბამისად, ეს მთლიან შიდა პროდუქტზე, რა თქმა უნდა, მოახდენს გავლენას. გათეთრების მასშტაბები რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტად მოახდენს, ცხადია, გავლენას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთ დღეს 600 მილიონი დოლარის კონვერტირება მოხდა ერთ სავალუტო პუნქტში, მიუთითებს მასშტაბებზე და აქედან, ცხადია, რაღაც ნაწილი რომ თეთრდება და ლეგალიზდება, მათ შორის, ამით აიხსნება ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი. ჩათვალეთ, რომ 5%-ით ისედაც უნდა გაიზარდოს ეკონომიკა საქართველოში თავისი ბუნებრივი ზრდით ხომ?! დანარჩენი, ეს არის ის მასშტაბი, რაზეც ვისაუბრეთ. ალბათ დიდი უკანონო ფული ტრიალებს, რომლის ნაწილიც ლეგალიზდება და იქიდან კიდევ რას ავლენენ და რატომ, არავინ იცის ",- ამბობს აკაკი ცომაია.
საგადასახადო კონსულტანტი ირაკლი შავიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, თუმცა მასშტაბის განსაზღვრა რთულია.
"რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ახდენს გავლენას, იმიტომ რომ შავი ფულიც, საბოლოო ჯამში, მთლიან შიდა პროდუქტში ჩაირთვება ასე თუ ისე, იმიტომ რომ ვიღაცას ეძლევა ეს შავი ფული, ის პროდუქტებს ყიდულობს და ასე შემდეგ. ის ფული ცალკე არ მოძრაობს, თუ მთლიანად არა, მისი ნაწილი გამოდის ბაზარზე და რაღაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია გავლენა მთლიანად ეკონომიკაზე, ამისი თქმა გამიჭირდება.
ყოველ შემთხვევაში, შავი ფული და თეთრი ფული ხშირად ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან. მით უმეტეს, როცა რაღაც ქონება იყიდება, იმის დევნა, საიდან მოიტანა ეს ფული მყიდველმა, როგორ აქვს ნაშოვნი, საკმაოდ რთული საქმეა",- უთხრა BM.GE-ს საგადასახადო კონსულტანტმა ირაკლი შავიშვილმა.
თავის მხრივ, ეკონომისტი ირაკლი მაკალათია აღნიშნავს, რომ ამან ეკონომიკას მოკლევადიანი ე.წ. ბუსტი შეიძლება მისცეს, თუმცა საბოლოოდ გასათვალისწინებელია მთელი რიგი უარყოფითი ფაქტორები, მათ შორის ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.
"პირველ რიგში ფულის გათეთრების მასშტაბია განსახილველი, თუ რა მოცულობის ფული თეთრდება და რა ზომის ეკონომიკის მქონდე ქვეყანაში. თუ ეკონომიკურ ზრდასთან მის კორელაციას განვიხილავთ, გარკვეული ბუსტი შეიძლება მისცეს, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადად და მოკლევადიან პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურ სისტემაში ფული კი მოძრაობს, მაგრამ ეკონომიკას მაინც აკლია მდგრადობა. თუმცა მეორეს მხრივ, აქ ბევრი უარყოფითი ფაქტორი ერთვება, რომელიც ეკონომიკური ეფექტიანობით გადაფარავს ყველა შესაძლო რიცხობრივ ზრდას ეკონომიკაში. მათ შორის, ეს არის დარტყმა ქვეყნის პრესტიჟსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე, რამდენადაც ფულის გათეთრების ფაქტების სისტემური გამოვლენა ინვესტორებისთვის მძიმე სიგნალია და საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს",- ამბობს ირაკლი მაკალათია.




























