„Kusa Food Balls" - ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე მალე გამოჩნდება და მომხმარებელს სხვადასხვა ქართული გემოს ბურთულებს შესთავაზებს.
„ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ქართული კერძების ე.წ. გაფასტფუდება“ - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ახალი ბრენდის მფლობელმა, რესტორატორმა გია მორდეხაშვილმა.
მისი თქმით, „Kusa Food Balls“-ის ბურთულების სატესტო რეჟიმში წარმოება კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.
„იდეა გაჩნდა 10 წლის წინ. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ქართული კერძების ე.წ. „გაფასტფუდება“ ისე, რომ მსოფლიოში არსებულ სხვა „ფასტფუდებს“ გაუწიოს კონკურენცია. ასე გაჩნდა "Kusa Food Balls"-ი - ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა გარსით გავაკეთოთ სხვადასხვა შიგთავსი. მაგალითად: მჭადის ბურთულები, ელარჯის ბურთულები ხარჩოთი, შილაფლავის ბურთულები, ყველის ბურთულები, ხორცის ბურთულები და ა.შ. უკვე ავაწყვეთ სრულიად ავტომატიზებული წარმოება, რომელიც ჩავდეთ ძირითადი ინვესტიცია. დღეში ჩვენს წარმოების ხაზს 20 000 ბურთულის წარმოება შეუძლია, მაგრამ საწყის ეტაზე ჩვენი გეგმაა 3000-დან 5 000-მდე ბურთულის წარმოება და დისტრიბუცია“, - გვიყვება რესტორატორი.
რაც შეეხება „Kusa Food Balls"-ის რეალიზაციის წერტილებს, გია მორდეხაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელს მისი დაგემოვნება სხვადასხვა კაფე-ბარსა და ასევე, მიწოდების სერვისის გამოყენებით შეეძლება. კომპანიის დამფუძნებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ სუპერ-მარკეტებთანაც.
„ინტერესი საკმაოდ მაღალია კაფე-ბარების და რესტორნების მხრიდან, რომელთაც ნახევარფაბრიკატებს მივაწვდით და ადგილზე შეწვავენ. ასევე, გამოვიყენებთ მიწოდების სერვისებს - „ვოლტს“ და „გლოვოს“. გარდა ამისა, სკოლებიც არიან დაინტერესებულნი. ასევე, „Kusa Food Balls"-ი, შეიძლება, საინტერესო იყოს ფესტივალების ორგანიზატორებისთვისაც - ნახევარფაბრიკატის დამზადებას 3-5 წუთი სჭირდება“, - ამბობს რესტორატორი.
„Kusa Food Balls“-ი ამჟამად რვა ადამიანს ასაქმებს.
გია მორდეხაშვილისთვის ემიგრაცია 1990-იან წლებში რუსეთში წასვლით დაიწყო, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, რუსეთში ბიზნესის კეთებაზე უარი თქვა და საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, სადაც 2016 წელს, ნიცაში რესტორანი „La Langouste“ გახსნა. 27-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 2019 წელს ბიზნესმენი თბილისში დაბრუნდა. მისი მიმდინარე ბიზნესგეგმები, ძირითადად, გასტრონომიას უკავშირდება.