საქართველოდან ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე გადიოდა ვიდრე შემოდიოდა. 2022 წელს საქართველოდან 100 ათასი მოქალაქე გავიდა, ხოლო 54 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. ანუ მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო და მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 46 ათასით შემცირდა.
საქართველოდან მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლისა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" ბიზნესმენმა გია მორდეხაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფთა დიდ ნაწილს საქართველოში დაბრუნების სურვილი ნამდვილად აქვთ, ამ სურვილის რეალობად ქცევისთვის კი მნიშვნელოვანია, მათ აქ პერსპექტივა დაინახონ.
"უამრავ ადამიანთან მქონდა კონტაქტი, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება ემიგრაციაში და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უმრავლესობას უნდა საქართველოში დაბრუნება. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვისაც გადაჭრით უთქვამს, რომ საქართველოში არ დაბრუნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა აყენებს პირობას, რომ დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ აქ დასაქმების, რეალიზაციისა და თავისუფლად სუნთქვის საშუალება ექნება
როდესაც ყველა ეს პირობა შესრულდება, ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდება და მათ შორს, ბევრი დაბრუნდება იმ ეტაპზეც კი, როდესაც დაინახავენ პერსპექტივას. ადამიანებს არ სჭირდებათ იდეალური ქვეყნის დახვედრება. ბევრი ჩამოვა, თუ უბრალოდ პერსპექტივას დაინახავს. დღეს, სამწუხაროდ, ზოგი ხედვას, ზოგი ვერ ხედავს და ამიტომ არის პრობლემა ის, რომ გადინება უფრო დიდია, ვიდრე შემოსვლა", - ამბობს ბიზნესმენი.
გია მორდეხაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში იმიგრირებულების გარკვეული ნაწილი აქ საქმიანობას თავისუფლად იწყებს, ეს კი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონდომების ნაკლებობა და განათლების არასათანადო დონე.
"მართალია, ბევრი ადამიანი გადის ჩვენი ქვეყნიდან, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შემოსულებიც აკეთებენ საქმეს. მაგალითად, უკრაინიდან, რუსეთიდან ან ჩინეთიდან ჩამოსულები ახერხებენ, რომ აქ რაღაც გააკეთონ. ე.ი. განათლებაშიც გვაკლია, უფრო მეტი მონდომების შემთხვევაში, საქმის კეთებას აქაც შევძლებთ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა", - განმარტავს ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი.