ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტის ტარიფი სახელმწიფო ელექტროსისტემის ნაცვლად, სემეკმა უნდა დაადგინოს. საქართველოს გადამცემ ხაზებს ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს თურქეთში ელექტროენერგიის გასაყიდად.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტრანზიტის რეკორდული მოცულობის შემდეგ, შარშან დენის ტრანზიტის მოცულობა 69%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია წელსაც გაგრძელდა, 2025 წლის 6 თვეში ტრანზიტის მოცულობა ჯამში 335 მლნ კვტ.სთ-მდეა შემცირებული, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-იანი კლებაა.
"[ტრანზიტის ტარიფზე] მეტად იქნება სახელმწიფო ინტერესებზე დამყარებული, რაც უფრო მომწონს. წლების განმავლობაში ტრანზიტი ხორციელდება აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან თურქეთში, რამდენიმე წლის წინ, (ზუსტად დრო არ მახსოვს) მოხდა საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც გადაწყვეტილება გატარების ტარიფზე გადაეცა თავად ელექტროგადამცემი სისტემის კომპანიას, რაც არ შეიძლება და ეს სემეკმა უნდა დაარეგულიროს.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ამათმა დასწიეს ტარიფი, რატომ ეს ალბათ გაირკვევა, თუმცა ეს მართებული ნაბიჯი არ ყოფილა. ფაქტობრივად მიზერულ შემოსავალს იღებდა ბიუჯეტი და ხეირობდა ის, ვინც ტრანზიტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ანუ ეს შუამავალი კომპანიები. სახელმწიფომ და სახელმწიფო კომპანიამ საკუთარი ინტერესები სწორად უნდა დაიცვას. ოღონდ ეს ინტერესები როგორ იქნება მართებულად დაცული, ეს სემეკმა უნდა დაადგინოს, რადგან ტარიფი მისი ფუნქციაა", - ამბობს მარგველაშვილი.




























