მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად კომპანიებს სავარაუდოდ, ლიცენზიების აღება მოუწევთ - რა ეღირება?

649a903089936
BM.GE
28.06.23 00:00
1251
„ელექტროქსელის მოწყობისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი იქმნება. პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება ლიცენზიის მქონე იურიდიული პირების მიერ იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტში წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ დაცული იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უსაფრთხოების ნორმები.

ამასთან, შეიქმნება სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანო-სააგენტო, რომელიც ექსკლუზიურად გასცემს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირებზე საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება/სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს.

პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

დღეს საქართველოში ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიისა და კვალიფიკაციის არმქონე სუბიექტების მიერ, მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთი კადრების (პერსონალის) მეშვეობით, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნიათ (დღეისათვის არ გაიცემა სამუშაოს განხორციელების ლიცენზია, შესაბამისად სათანადოდ არ მოწმდება ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი, არ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და ა.შ) და ყველაზე მთავარი, არ არსებობს ელექტრული ქსელების მოწყობისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების/მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო, რაც მნიშვნელოვანად ზრდის უბედური შემთხვევების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკებს.

პრობლემის რეალურად საჩვენებლად გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში მომხდარი უბედური შემთხვევები, როდესაც ელექტრო გაყვანილობის უსაფრთხოების წესების დარღვევას მსხვერპლი მოჰყვა და ასევე აღსანიშნავია ისეთი უბედური შემთხვევები, როდესაც მოუწესრიგებელმა ელექტრო გაყვანილობამ ხანძრის გაჩენა და დიდი ზარალი გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავის ბოლო პერიოდში მომხდარი არაგეგმიური (ავარიული) გამორთვების შესახებ ინფორმაცია, რასაც სტრატეგიული ობიექტების ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენა მოყვა:

• 2021-2022 - თბილისი, საქალაქო სასამართლო, შვიდი შემთხვევა;
• 2020-2022 - თბილისი, უზენაესი სასამართლო, რვა შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, ლუგარის ლაბორატორია, ათი შემთხვევა;
• 2021-2022 – თბილისი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ექვსი შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, იაშვილის კლინიკა, თორმეტი შემთხვევა;
• 2020-2022 – თბილისი, ღუდუშაურის კლინიკა, ოცდარვა შემთხვევა;
• 2020-2022 – ბათუმი, რესპუბლიკური საავადმყოფო, ოცდაექვსი შემთხვევა;
• 2020-2022 – ქუთაისი, ბავშვთა საავადმყოფო, ოცდარვა შემთხვევა;
• 2020-2022 – ზუგდიდი, ცენტრალური საავადმყოფო, ოცდაცხრა შემთხვევა;
• 2020-2022 – თელავი, ცენტრალური საავადმყოფო, ორმოცდაცხრა შემთხვევა;

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემდეგი კუთხით:

კანონპროექტით დგინდება იურიდიული პირების ლიცენზირების ვალდებულება (შესაბამის რეგულირებად სფეროში) და შესაბამისად, წესდება ლიცენზირების საფასური - 200 000 ლარის ოდენობით, რომელიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ასეთი რამდენი იურიდიული პირი აიღებს ლიცენზიას 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 ივლისამდე პერიოდში (გარდამავალი პერიოდი) და ასევე, გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ (მას შემდეგ რაც, 10 და მეტი კილოვატი სიმძლავრის ობიექტებზე ელექტრული ქსელების მოწყობა/შეკეთება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლიცენზირებული იურიდიული პირების მიერ) რამდენი ახალი იურიდიული პირი დარეგისტრირდება ლიცენზიის მფლობელად.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა არის 2 წელი და შესაბამისად, თითოეული ლიცენზირებული იურიდიული პირის მხრიდან აღნიშნული სალიცენზიო მოსაკრებელი გადაიხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ამგვარი პროფილური იურიდიული პირები ცალკე სტატუსით არ არსებობენ.

2024 წელს - სააგენტოს შემნისა და უფლებამოსილების განხორციელებისათვის (ერთი წლის სახელფასო ფონდი - დაახლოებით 40 თანამშრომელი - 1 662 000 ლარი; საოფისე ტექნიკისა და სხვა მატერიალური რესურსისთვის საჭირო ხარჯები - 775 000 ლარი; ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები - 320 000 ლარი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად (პირველ ეტაპზე დაფინანსების მიზნით) გამოსაყოფი თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2 757 000 ლარს;

2025 წელს და შემდგომ - სააგენტოს დაფინანსების წყარო იქნება საკუთარი შემოსავლები, რომლის შედეგადაც მოხდება მომდევნო წლების ბიუჯეტის ფორმირება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ანტონ ობოლაშვილი, რატი იონათამიშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ირაკლი კირცხალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები