მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტრონული ინვოისები, უნაღდო ანგარიშსწორება - როგორ უნდა შემცირდეს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი?

გადასახადები

Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებლის, ზურაბ ძნელაშვილის შეფასებით, საქართველოში ჩრდილოვანი ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკის წილის შესამცირებლად საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების მიმართულებით რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი.

როგორც ძნელაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ელექტრონული დოკუმენტაცია კიდევ უფრო აქტიურად უნდა დაინერგოს ბიზნესოპერაციებში. ამასთან, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებზე.

მისი შეფასებით, ამ ნაბიჯების გადადგმა ბიზნესების მხრიდან ბრუნვების არასრულად დეკლარირების შესაძლებლობას შეამცირებს.

“ჩვენს ეკონომიკაში მთავარი პრობლემა, თუ დააკვირდებით, არის ნაღდი ფულის ბრუნვის სიჭარბე. ძირითადი ტრანზაქციები არის გადასული ნაღდ ფულად ბრუნვაზე, რომელიც უკვე დადეკლარირდება თუ არა, გადამხდელის კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი. და მეორე - როდესაც ოპერაცია ტარდება, სავალდებულო არ არის გარკვეული დოკუმენტით ამ ოპერაციის დაფიქსირება საგადასახადო ორგანოს ბაზაში. ახლა ჩვენ გვაქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონული სისტემა, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ მყიდველი არ მოგთხოვს. გვაქვს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება ელექტრონულად, ოღონდ ისიც ეხება მხოლოდ მოძრავ საქონელს. სხვა შემთხვევაში, მაგალითად მომსახურების ტრანზაქციებზე, არანაირი ელექტრონული დოკუმენტის გამოწერის ვალდებულება, რომელიც საგადასახადო ორგანოს ბაზაში აისახება, არ არსებობს.

პირველი, მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არის სამუშაო - ელექტრონულ ინვოისებზე უნდა გადავიდეთ. უნდა შემოვიღოთ ელექტრონული ინვოისები, რომელიც უნდა იტვირთებოდეს RS.GE-ზე, სადაც დაფიქსირდება ტრანზაქციის ორივე მხარე, შინაარსი, ღირებულება და მოცულობა.

და მეორე - ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებზე. დღეს ბევრი რამ არის ხელზე ნაღდი ფულით, რაც არის ძირითადი გამომწვევი ჩრდილოვანი ეკონომიკის. შეიძლება დაწესდეს გარკვეული ზღვარი, რომლის ზემოთაც აღარ შეიძლებოდეს ნაღდი ფულით გადახდა. მაგალითად, 5000 ლარის ზევით ტრანზაქციებზე იყოს სავალდებულო ბანკით ანგარიშსწორება. ასევე, ხელფასების გაცემის ვალდებულება დაწესდეს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რადგან აქ ხდება ძირითადად დამალვა. დაქირავებულებს არ აჩვენებენ და ხელფასებს ხელზე გასცემენ”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრირების გამკაცრების პარალელურად ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულებიცაა საჭირო.

“მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ადმინისტრირების გამკაცრებით ბიზნესი შეიძლება გაწყდეს წელში. უნდა ვიზრუნოთ საგადასახადო ტვირთის შემცირებაზეც. დღეს საშემოსავლო გადასახადი არის 20%, ეს ძალიან მაღალია. რეალურად ეს ბიზნესის ტვირთია, რადგან როცა დაქირავებული ხელფასზე თანხმდება, ის თანხმდება „ხელზე ასაღებ“ თანხაზე. ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ ტრანზაქციები უნდა გახდეს გამჭვირვალე და სავალდებულო, პარალელურად უნდა შევამციროთ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მაგალითად 15%-მდე, იმისათვის, რომ ბიზნესს საქმიანობის ლეგალიზაცია მძიმე ტვირთად არ დააწვეს”, - აღნიშნა ძნელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ჩრდილოვანი, ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ამ დროისთვის 13%-ის ფარგლებშია. საქსტატის თანახმად, აღურიცხავი საქმიანობების წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების და რესტორნების, ასევე ვაჭრობის და უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები