მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eli Lilly $6 მილიარდიანი ინვესტიციით ალაბამაში საწარმოს ააშენებს

eli lilly

ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ განაცხადა, რომ ალაბამას შტატის ქალაქ ჰანტსვილში $6 მილიარდის ღირებულების საწარმოს ააშენებს. მიზანი ჭარბი წონის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბებისა და სხვა მედიკამენტების წარმოების გაზრდაა.

ეს ფარმაცევტული კომპანიის მიერ აშშ-ში დაგეგმილი ახალი ინვესტიციების სერიის რიგით მესამე ობიექტია. თებერვალში Eli Lilly-მ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოთხი ახალი საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე $27 მილიარდს დახარჯავს.

კომპანიის ცნობით, ალაბამას ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყება და 2032 წელს დასრულდება.

Eli Lilly-ს განცხადებით, ალაბამას ობიექტი რეგიონში 450 სამუშაო ადგილს შექმნის, მათ შორის ინჟინრებისთვის, მეცნიერებისთვის, ოპერაციული პერსონალისა და ლაბორანტებისთვის; ამასთანავე, გაჩნდება 3 000 სამუშაო ადგილი მშენებლობის პროცესშიც.

წარმოების დამატებითი სიმძლავრეები Eli Lilly-ს სიმსუქნის საწინააღმდეგო აბისთვის, "ორფორგლიპრონისთვის" (orforglipron), გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან კომპანია ცდილობს დააჩქაროს პრეპარატის დამტკიცების პროცესი და შეინარჩუნოს დომინანტური პოზიცია GLP-1 პრეპარატების მზარდ ბაზარზე.

კომპანიას და მის მთავარ კონკურენტს, Novo Nordisk-ს, ბოლო წლებში აშშ-ში მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, საინექციო პრეპარატების დეფიციტი შეექმნათ, თუმცა მათ ამ პრობლემების შემსუბუქება შეძლეს.

ნოემბერში Eli Lilly-ს აბმა FDA-სგან პრიორიტეტული განხილვის ვაუჩერი მოიპოვა, რაც მარეგულირებლის მიერ წამლის შეფასების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და პოტენციურად, რამდენიმე თვემდე შეამცირებს.

ფარმაცევტული კომპანიები აშშ-ში წარმოების გაზრდას აქტიურად ცდილობენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ მედიკამენტებზე ტარიფების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. პოტენციურ ტარიფებთან დაკავშირებული ღელვა მას შემდეგ შემცირდა, რაც ტრამპთან მედიკამენტების ფასებზე მიღწეული იქნა შეთანხმებები, რომლებიც კომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები