ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა Eli Lilly-მ 2025 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ მოახერხა, რომ რეკორდული ზრდა დაეფიქსირებინა და მკვეთრად გადაეჭარბებინა ანალიტიკოსების მოლოდინებისთვის, ასევე დაეფიქსირებინა უკეთესი შედეგები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ბოლო სამ თვეში კომპანიის შემოსავლებმა $19.29 მილიარდი შეადგინა, რაც $5.8 მილიარდიანი ზრდაა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით და $1.33 მილიარდით აჭარბებს იმ პროგნოზს, რაც უოლ-სტრიტის ექსპერტებს ჰქონდათ. ასეთი შედეგი სისხლში შაქრის კონტროლის, ასევე წონის კლებისთვის განკუთვნილი წამლების წარმატებულმა გაყიდვებმა განაპირობა. მაგალითისთვის, შიმშილის გრძნობის შემცირებისთვის განკუთვნილი საინექციო და ორალური პრეპარატის, მუნჯაროს გაყიდვებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110%-იანი ზრდა დააფიქსირა და Eli Lilly-ს $7.41 მილიარდი მოუტანა. წონის კლებისთვის განკუთვნილი წამლის, ზეპბაუნდის გაყიდვებით კი კომპანიამ $4.20 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 122%-იანი ზრდაა. ამ გამორჩეულად კარგი შედეგების ფონზე, ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობამ ერთ აქციაზე $7.54 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს თითქმის $1 დოლარით აჭარბებს.
რაც შეეხება ფისკალურ 2026 წელთან დაკავშირებულ ფინანსურ მოლოდინებს, Eli Lilly-ში ვარაუდობენ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლები, საშუალოდ, $81.5 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც ფარმაცევტულ კომპანიაში აცხადებენ, ამ შედეგის მიღწევაში მათ განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის ახალი ინიციატივა დაეხმარება, რაც წამლების ფასების შემცირების მიუხედავად, მკვეთრად გაზრდის მომხმარებლების რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსებს გაცილებით მოკრძალებული პროგნოზი აქვთ. მათი შეფასებით, Eli Lilly-ს გაყიდვები მხოლოდ $77.62 მილიარდამდე გაიზრდება. ფარმაცევტულ გიგანტს დადებით მოლოდინებს უქმნის წონის კლებისთვის განკუთვნილ ახალ პრეპარატზე მუშაობის დასრულებაც, რომელიც მე-2 კვარტალში, ანუ ზაფხულის პერიოდში ჩაეშვება წარმოებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი კატეგორიის წამლების კუთხით დღეს Eli Lilly ამერიკული წამლების ბაზრის 60.5%-ს აკონტროლებს და სერიოზულ კონკურენციას უწევს დანიურ გიგანტ Novo Nordisk-ს, რომელსაც გაცილებით ცუდი კვარტალური შედეგები ჰქონდა.
რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, შედეგების გასაჯაროებიდან მალევე კომპანიის აქციების ფასი 10.33%-ით გაიზარდა და $1,107 შეადგინა. ამჟამად მისი კაპიტალიზაცია $1.05 ტრილიონამდეა გაზრდილი, თუმცა პრემარკეტზე განწყობები მცირედით შესუსტებულია, რაც ნიშნავს, რომ სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ მისი აქციების ფასი 0.28%-ით დაეცემა.




























